მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
22 აგვისტო 2017  21:37 ქართული შრიფტი


ლადო ასათიანი
ანდერძი
"რა გავაკეთო, რომ უფალს ვაამოთ? - ჰკითხეს წმინდა ანტონი დიდს. მან უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის თვალწინ გყავდეს მამაზეციერი; რა საქმითაც არ უნდა დაკავდე, ნახე, იწონებს თუ არა ამას წმიდა წერილი." -





Untitled Document

სმევა მწყურვალთათვის
განმართვა დაბრკოლებულთა

ორი საათის სავალი გზა გალია. საშინელი სიცხე იდგა. ბიჭი თითო ყლუპ წყალს მალი-მალ სვამდა, თან დოქის ფსკერს ჩასცქეროდა, ეშინოდა წყალი არ გამოლეოდა. უდაბნოს გულისწამღებ სიჩუმეში ადამიანის კვნესა გაისმა. ჰხედავს მიწაზე სისხლში მოთხვრილი ბერიკაცი აგდია. ხურჯინი მოიხსნა, ჩოხა გაიხადა, თავქვეშ ამოუდო კაცს, მერე პერანგი წყალში დაასველა და ჭრილობები მოუსუფთავა. კაცი გონს მოეგო და წყალიო, - ამოილუღლუღა. ბიჭმა დოქი მიაწოდა და მანაც სულმოუთქმელად დაცალა. უცნობი მომჯობინდა. ბიჭი მხარში შეუდგა, წამოაყენა და შეეკითხა:
- რა მოგივიდა ბიძია?
- სოფელში მივდიოდი შვილო. შვილიშვილი შემეძინა. მოსაკითხი მიმქონდა და ცოტაც ფული. ყაჩაღები დამესხნენ თავს. გამქურდეს, მცემეს, ცხენიც წამართვეს და ასე უღმერთოთ დამაგდეს შარაზე. შენ გაიხარე, უფლის წყალობა არ მოგკლებოდეს, რომ არ გამოჩენილიყავი, დილამდე სულს ვერ მივატანდი. ახლა წავალ, ჩემს გზას გავუყვები, - დალოცა მადლიერმა კაცმა თავის გადამრჩენელი და წავიდა.
მიდის ბიჭი და თან წყურვილი ჰკლავს. ნერწყვი სულ გაუშრა. სიცხისაგან დაოსებულს სიარულიც უჭირს. გრძნობს ფეხებში ძალა ერთმევა. ცოტას ჩავთვლემ, წყურვილის სურვილიც აღარ შემაწუხებს და დავისვენებ კიდეცო, - გაიფიქრა, იქვე მიწვა და ჩაეძინა.
- გწყურია? - ჩაესმა ძილში.
- ძალიან, - წამოიძახა ბიჭმა და თვალები გაახილა. თავს ორი ცხენოსანი დასდგომოდა.
- რომელი გირჩევნია, ჭის თუ წყაროს წყალი? - ჰკითხა ერთმა.
- წვიმის იყოს თუ გინდა, - ალალად უპასუხა ბიჭმა.
- ჰოდა, ელოდე როდის გაწვიმდება, - ახარხარდნენ მგზავრები. ბიჭი ფეხზე წამოდგა და სიბრალულის თვალებით შეხედა ცოდვილთ, სხვისი გასაჭირით რომ ჰხარობდნენ.
- გადმოატრიალე ახლა ჯიბეები მოგვეცი რაც გაქვს შიგ, თორემ გაგიყენებთ საიქიოს გზას, - წარბი შეკრა ერთმა.
- ჯიბეში რომ რაიმე მქონდეს, ამ გზას მშიერ-მწყურვალი ფეხით გავლევდიო? - უპასუხა ბიჭმა და ჩოხის ჯიბეები გადმოიტრიალა.
- ქრისტიანი კაცი ალბათ ჯვარს ატარებ, გაიხსენი გულისპირი, - უბრძანა პირველმა.
- დედაჩემის ხელით დაკიდებული ჯვარი რომ მომხსნან, თავსაც შევაკლავო, - გაიფიქრა ბიჭმა და გულისპირი შეიხსნა.
ოქროთი ნაკეთ ჯვარზე, ჯვარცმული მაცხოვარი იყო გამოსახული.
- ეს ჯვარი ნათლობისას ჩემმა მფარველმა ანგელოზმა დამკიდა ყელზე. თავსაც თუ მომჭრი შენი იქნება, ამაყად უპასუხა ბიჭმა.
- მოგჭრი, აბა, რას ვიზამ? - ირონიულად გაიცინა მხედარმა და ჯიბიდან დანა ამოიღო.
- მომჭერი, მაგრამ იცოდე, ძალიან მძიმეა და გაგიძნელდება ამის ზიდვა.
- რა არის მძიმე? შენი ცარიელი თავი? - დაინტერესდა მეორე.
- თავი კი არა, ჯვარი. ჩემი ცოდვებით დამძიმებულს, შენიც რომ დაემატება, დამიჯერე, გაგიჭირდება მისი ტარება. ჯვარი ხომ იცი, ყველამ თავისი უნდა ატაროს.
- მასეთები მიტარებია? - გაიცინა მხედარმა, ცხენიდან გადმოიხარა და ხელი ჯვრისაკენ გაიწოდა.
- "ჰოი, ყოვლად პატიოსანი და ცხოველმყოფელო, ჯვარო უფლისაო, შემეწიე მე ცოდვილს," - დაიჩურჩულა ბიჭმა და უკან დაიხია.
მხედარიც თან მიჰყვა, ცხენზე თავი ვეღარ შეიმაგრა, გადმოვარდა, მიწაზე დაენარცხა და ნადირივით დაიღრიალა. ერთხანს ასე ეგდო.
- მოკვდა მგონი ეგ უღმერთო, - ძლივს ამოილუღლუღა მეორემ. ცხენიდან ჩამოხტა და ბიჭთან ერთად გონდაკარგულთან მიიჭრა.
პირქვე დამხობილი ფრთხილად დააწვინეს ზურგზე. დაცემის დროს წაქცეულს დანა ბარძაყში ჩარჭობოდა. ჭრილობა შეუხვიეს და გონზე მოიყვანეს.
- მართლა მძიმე ყოფილა, - ამოიკვნესა დაჭრილმა.
ბიჭმა კუშტად შეკრული მუშტი გაუხსნა, ჯვარი აიღო და ისევ ყელზე დაიკიდა.
- ხომ გითხარი გაგიჭირდება – მეთქი, - ჩაილაპარაკა და გზას გაუდგა.
კარგა მანძილი გალია.
შარაზე ცხენოსანი გამოჩნდა. ელვისსისწრაფით მიაჭენებდა ცხენს და თან არემარეს გულისყურით ათვალიერებდა.
- გამარჯობა ყმაწვილო, - მიესალმა მგზავრი. გზაზე შუახნის კაცი ხომ არ შეგხვედრია? დილით სოფლისკენ გაემგზავრა. ნაშუადღევს კი მისი ცხენი მარტო დაბრუნდა სახლში. მეშინია ხომ არაფერი შეემთხვა ნეტავ.
- კი, როგორ არა - უპასუხა ბიჭმა. ცოცხალ-მკვდარი ეგდო გზაზე. ყაჩაღები დასხმიან თავს. სულზე მივუსწარი. მოვასულიერე, მოვუარე და გზაზე დავაყენე. მგზავრი ცხენიდან ჩამოხტა, ბიჭი გულში ჩაიკრა.
- მამაა, ბიჭო ის კაცი ჩემი - შენ გაგახარებს ღმერთი. მერე მის დასისხლიანებულ ჩოხას შეავლო თვალი. ახალთ-ახალი ძვირფასი ჩოხა გაიხადა და ბიჭს მხარზე გადაკიდა. ხურჯინიდან დოქი წყალი ამოიღო, მისცა და ცხენს შეახტა: - თუ რამეში დაგჭირდი, მიგულე შენს მეგობრადო - უთხრა და ადგილს მოწყდა.
- დიდება შენდა ღმერთო ჩემო, დიდება შენდა - ადიდა ბიჭმა უფალი და წყალს დაეწაფა.
ბინდდებოდა. წაიხემსა და დაქანცულს ჩაეძინა. გამთენიისას გზას გაუდგა. მეორე სოფელი სწრაფად განვლო.

ღმერთთან ვედრება მოყვასთა საცხოვნებლად

იფიქრა მესამე სოფელს ორღობით აღარ გადავალ. შარას გავყვები, იქნებ, გზად არავინ შემხვდეს და ისევ შარს არ გადავეყაროო. კარგა ხანს იარა. ჭრიჭინობელების ყურისწამღები ჭრიჭინი მრავალჟამიერის მოძახილმა დაარღვია. ჰხედავს გზაზე ხურჯინმოკიდებული კაცი მიდის და მთელი ხმით და გულით მღერის. ბიჭმა ნაბიჯს აუჩქარა. კაცს რომ გაუსწორდა, მისალმების ნიშნად თავი დაუკრა და გზა განაგრძო.
- გაგიმარჯოს შვილო, გეტყობა, ფიქრებში გართულს გსურს გალიო ეს გრძელი გზა. მე კი ხმის გამცემს ვნატრობდი. შენ შენთვის იარე. მე უკან გამოგყვები და ჩემს ამბავს მოგიყვები, თუ მომისმენ, გამიხარდება.
ბიჭს ხმა არ გაუცია ისე განაგრძო გზა.
კაცმა ნაბიჯს აუჩქარა, ეშინოდა მგზავრს არ ჩამორჩენოდა.
- კაი მონაგარი მყავს, - ალაპარაკდა მგზავრი, უფალმა კალთა დამაბერტყა. სამი შვილის მამა ვარ. ორი ქალი გზაზე დავაყენე. ლუკმა-პური არ მაკლია, მაგრამ ბიჭმა ცოლის მოყვანა გადაწყვიტა და საქორწილოდ არ ვიყავი მზად. მივდექ-მოვდექი, ერთი მეწველი ძროხა მყავს, ვიფიქრე გავყიდი და ხელს გავიმართავ-მეთქი. ჩემს კარის მეზობელს გონიერი კაცის სახელი აქვს, ჩემი გასაჭირი რომ გაიგო მითხრა: ძროხა რომ გაყიდო, მერე ოჯახს რა ეშველებაო და რჩევა მომცა: დედაჩემი ეკლესიის მსახური იყო, აცხონოს მისი სული უფალმა. კედელზე მისი ხელით დაკიდებული სალოცავები მაქვს. ჰოდა, მირჩია მოკეთემ: ორი ღვთისმშობლის ხატი რად გინდა, შენს ლოცვას ერთიც შეისმენს, გაყიდე რომელიმე, სულსაც მოითქვამ, ქორწილსაც გადაიხდი ღვთისმშობლის წყალობით და ოჯახიც უფლისაგან დაილოცებაო.
ჭკუაში დამიჯდა. ხელისკანკალით ჩამოვხსენი ხატი, ჩავიდე ხურჯინში და მიმაქვს ბაზარში გასაყიდად. რას მეტყვი ხომ სწორად ვიქცევი?
ამასობაში თითქმის მესამე სოფელს მიუახლოვდნენ. ბიჭმა ნაბიჯი შეანელა, მერე გაჩერდა, კაცისკენ მოტრიალდა, თვალებში ჩახედა და მკაცრად მიმართა:
- ეტყობა სინდისის ქეჯნამ შეგაწუხა და ამიტომ გაინტერესებს ჩემი აზრი. კიდევ კარგი, ბიძაჩემო, ხელი მაინც რომ აგიკანკალდა. მოიხსენი ეგ მძიმე ტვირთი და მომეცი აქ.
შეშინებულმა კაცმა მორჩილად მოიხსნა ხურჯინი და მიაწოდა.
ბიჭმა ხატი მოწიწებით ამოიღო, დიდ ქვაზე დააბრძანა, დაიჩოქა და მხურვალედ დაიწყო ლოცვა.
- კაცმა ყურში ჩასჩურჩულა: თუ საიდუმლო არ არის, მითხარი ვისთვის ლოცულობ ასე გულითო.
- მოყვასის საცხოვნებლად, - მოკლედ მოუჭრა ბიჭმა.
- ვინ არის შენი მოყვასი, ასე გულთან რომ მიგიტანია მისი ცოდვები? - ისევ დაიჩურჩულა კაცმა.
- შენა და შენი მოკეთე მეზობელიო, - მიუგო ბიჭმა, ლოცვა დაამთავრა და დადუმდა.
რამდენიმე წუთიც მიილია და უცებ ბიჭმა შეჰყვირა:
- შეხედე, აი, სასწაული თუ გინდა! ბერიკაცო ღვთისმშობლის ხატი ტირის.
კაცი მოწყვეტით დაეცა მუხლებზე და ხატს დააცქერდა. ყოვლადწმინდას თვალთაგან ცრემლი სდიოდა. მერე თითი ცრემლში დაისველა და ენაზე დაიდო.
- მარილიანია შვილო. ცოცხალი ყოფილა ეს მადლიანი, მართლა ტირის ეს დალოცვილი, იწყინა ალბათ, ასე უღმერთოთ რომ გავიმეტე. ჰხედავ, როგორ ვყვარებივარ მე ცოდვილი? - აზლუქუნდა კაცი.
ბიჭმა მოხუცი წამოაყენა, მხარში ამოუდგა, ხატი გულზე მიიხუტა და უკან დაბრუნდა სოფელში.
მთელი გზა ხატის ძალასა და სასწაულმოქმედების უნარზე უყვებოდა კაცს.
სახლში რომ მივიდნენ, იმ კედელზე დააბრძანეს ყოვლადწმინდა, სადაც მისმა ცხონებულმა დედამ მიუჩინა ადგილი.
სასწაული ისევ მოხდა.
ღვთისმშობელმა ტირილი შეწყვიტა.
ეს ამბავი მთელმა სოფელმა შეიტყო. ვინ საიდან მოდიოდა, რომ მუხლმოდრეკით თაყვანი ეცათ და ელოცათ ხატის წინაშე. შესაწირიც უხვად გაიღეს. გაივსო ოჯახი სანოვაგით. გაიხარა კაცმა. ღვთისმშობლის მადლით დიდი ქორწილიც გადაიხადეს. ბიჭი ნეფეს ხელისმომკიდედ დაუდგა, პირველი შვილის მონათვლასაც შეპირდა.
გავიდა ერთი კვირა. დროის გასვლა არც კი უგრძვნია სხვისი სიხარულით გახარებულ ბიჭს. მერე მოიკიდა ზურგზე სანოვაგით დამძიმებული ხურჯინი და სოფლის ლოცვა-კურთხევით დაადგა გზას.

ავტორი
მადონა ნატრიაშვილი

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 11587261 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ