მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
20 ოქტომბერი 2017  11:48 ქართული შრიფტი


ვაჟა-ფშაველა
სამეფოს სიმღერა
"თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა." -
წმ.ტიხონ ზადონელი





Untitled Document

შემოსვა შიშველის

საღამო ხანს ქანცგამოცლილმა მესამე სოფელს მიაღწია. ბუჩქნარში ჩაწვა და ღრმად ჩაეძინა. კარგა ხანს ეძინა. უკვე ბინდდებოდა, წამოდგომა რომ დააპირა, უცებ უცხოთა საუბარს მოჰკრა ყური:
- ხალხი კი შეიკრიბა, მაგრამ ნეფე არ ჩანს. იმ საცოდავს ჩოხა გაურეცხავს, მამამისის ნაქონი ყოფილა, გაცრეცილი, გაუბედურებული და შემოხევია ტანზე ჩაცმის დროს. ზის ახლა თერძთან და ელოდება როდის დაუკერავენ. ქორწილს კი უხდის სოფელი მაგ გაჭირვებულს და ჩოხაც თუ საყიდელი ჰქონდა ვინ იცოდა?
ბიჭი სწრაფად წამოდგა, გული ეტკინა ამის გამგონეს. ორღობეში ჭასთან გაჩერდა. ახალი ჩოხა გაიხადა, ხურჯინი გახსნა, თავისი ძველი ჩოხა ამოიღო, ჩაიცვა. სისხლის წვეთები წყლით ჩამოირეცხა და ხალხს შეერია. მექორწილეები მხიარულობდნენ. ერთი ახოვანი, ჭაღარა თმიანი კაცი ბიჭს გაკვირვებული დაეკითხა:
- ვისი ხარ ბიჭო შენ?
- მგზავრი ვარ, მართალია, ქორწილში არავის დავუპატიჟებივარ, მაგრამ, ნეფეს მინდა მივულოცო ბედნიერება.
- აგაშენოს ღმერთმა. ქორწილში რაც მეტი ხალხი მოილხენს, მით უფრო დაილოცება ოჯახი. სტუმარს მოეხვია და მერე პატარა სახლზე მიუთითა.
ბიჭმა სიძე მოინახულა და ძვირფასი ჩოხა-ახალუხი საჩუქრად გადასცა. თავის ცხოვრებაში არ ენახა ასე ფართოდ გახელილი თვალები, რომლებიც ნელ-ნელა ივსებოდნენ სიხარულით და მადლიერების გრძნობით.
გაჩაღდა ქორწილი. ბიჭი ნეფე-დედოფლის პირდაპირ დასვეს და დიდი პატივით ექცეოდნენ. კარგადაც მოილხინა, გაისმა დოლისა და ზურნის ხმა. ნეფე სკამზე შედგა, კოხტად ატრიალდა ჰაერში და პირდაპირ ხალხის მიერ შეკრულ წრეში ჩახტა. ის იყო ხელები უნდა გაეშალა, რომ ჩოხის ჯიბიდან ქისა გადმოუვარდა და ოქროს ფულები მიწაზე მიმოიფანტა. ხალხმა უკან დაიხია. ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა. ჭაღარათმიანი თამადა ნეფეს მიუახლოვდა.
- ვისია შვილო ამდენი ფული? - ჰკითხა და დაბნეულ ბიჭს გახედა. შეზარხოშებული დაუპატიჟებელი სტუმარი ფეხზე წამოხტა და ღიმილით თქვა: ვისიც ჩოხაა, ალბათ ფულიც იმის იქნებაო. ამდენ გაოცებულ თვალს რომ წააწყდა, მიხვდა, რაღაც შემეშალაო და ნათქვამი შეალამაზა: ვისია და ჩემია, ჩოხის ჯიბეში დამრჩენიაო.
ამ დროს ვიღაცა პატარა, ჩია კაცი ქისას დასწვდა, შეათვალიერა და ბიჭს მიუბრუნდა.
- თუ შენია, მითხარი ვისი სახელია ამოქარგული ზედ? - მრავალმნიშვნელოვნად დაეკითხა მას.
ბიჭი დაიბნა, მხრები აიჩეჩა, ხმა ვერ ამიღო.
ამდენხანს ჩუმად მჯდომი სოფლის მამასახლისი ფეხზე წამოდგა და მკაცრად გასძახა იქვე მდგომთ: ხელ-ფეხი შეუკარით ამ უსინდისოს, როგორც ჩანს ჩოხაც მოპარულია და ფულებიც, ჩემთან წამოიყვანეთ. დილეგში ჩააგდეთ, ხვალ გავარჩიოთ სამართალი.
ბიჭს ხელი სტაცეს და სიბნელეში სადღაც წაათრიეს. საპატიმროში კიდევ ერთი პატიმარი დახვდა.
- რა დააშავე? - დაეკითხა მოსულს.
- ქურდობა დამაბრალეს, ცხოვრებაში არაფერი მომიპარავს. სამართალი ხვალ გავარჩიოთო, - ასე ბრძანეს.
- ეცადე თავი იმართლო როგორმე, თორემ ქურდობისათვის ამ სოფელში მკაცრად სჯიან, ხვალ გამოგაბამენ ცხენის კუდზე და სამჯერ შემოგატარებენ სოფელს, რომც გადარჩე კაცად აღარ ივარგებო, - უთხრა დამხვდურმა.
დიდხანს ისმოდა დოლის ხმა. შუაღამისას სოფელი ჩაჩუმდა. ტუსაღს ფიქრის თავიც კი არა ჰქონდა, ისე ეძინებოდა. ღამის სიჩუმე ვიღაცის ჩურჩულმა დაარღვია.
- მითხარი, რით დაგეხმარო, რა გავაკეთო, რითი გიშველო?
ბიჭმა ნეფე შეიცნო. შენ ხომ დაიჯერე, რომ ნაქურდალი არ მიჩუქებია, ჰოდა, ჩათვალე რომ უკვე მიშვლე. ისე საშველი როგორ არ არის, მაგრამ ქორწილის ღამეს როგორ დაგავალო რამე?
- ოღონდ შენ გეშველოს და რას ვჩივი? - გაიღიმა ნეფემ.
- უდაბნოს გადაღმა სოფელში ერთი ოჯახი უნდა იპოვო, რომელსაც ახლადშეძენილი ჩვილი ჰყავს. იქ სტუმრად ახალგაზრდა კაცია. მისი არც სახელი ვიცი და არც გვარი. ჩოხა მან მაჩუქა, ალბათ ფულიც მისია. თუ ცხენს იშოვნი, იმ კაცს იპოვნი და დილამდე ჩამომისწრებთ, ისიც გაიხარებს, მეც და შენაც ჩვენი სიხარულითო.
ნეფე ადგილს მოსწყდა და გაუჩინარდა.

გამთენიისას პატიმარმა ღრმად ჩაძინებული ბიჭი გააღვიძა.
- მალე აქედან გაგიყვანენ, თუ ცოცხალი გადარჩი, ერთი სათხოვარი მაქვს. სოფლის შუაგულში პატარა აგურის სახლი დგას. ორი კვირაა დედაჩემი ჩემს სანახავად არ მოსულა, რაღაც უჭირს ალბათ, თორემ ამდენხანს რა დააყენებდა სახლში. ვიცი სოფელი არაფერს დააკლებს, მაგრამ მიდი, მოინახულე და უთხარი მხნედ იყოს, ავადმყოფი ქალია, მეშინია ჩემი დარდით არაფერი მოუვიდესო.
მალე ხელებშეკრული ტუსაღი ბნელი დილეგიდან მზის შუქზე გამოიყვანეს.
ალბათ, წინა დღეს ქორწილშიც არ იქნებოდა იმდენი ხალხი, რამდენიც იმ დღეს სოფლის მოედანზე შეკრებილიყო.
ორი საათი გაგრძელდა სახალხო სასამართლო. ბიჭის არც ერთ სიტყვას არ იჯერებდა მამასახლისი და ბოლოს განაჩენიც გამოუტანა: ჯერ გაროზგეთ, შემდეგ კი ცხენის კუდზე გამოაბითო.
წელს ზემოთ გააშიშვლეს. ხელებშეკრულმა, დაჩოქილმა იქვე ეკლესიის ნანგრევები შენიშნა და გაიფიქრა: დაილოცოს საქართველო, სოფელს ვერ ნახავ, უფლის ლოცვა-კურთხევა რომ არ ასულდგმულებდესო.
ფიქრიდან ძლიერმა ტკივილმა გამოარკვია.
ამ დროს ორღობეში ორი ცხენოსანი თავაწყვეტილი მოაგელვებდა ცხენებს. ერთ-ერთი პირდაპირ მოედანზე შევარდა, ცხენიდან ჩამოხტა, ბიჭთან მიიჭრა, წამოაყენა და გულში ჩაიკრა.
როცა ყველაფერი გაირკვა, მხედარმა სთხოვა მას წამომყევი და ერთად გავიდეთ სოფლიდანო. ბიჭმა მადლობა გადაუხადა: - ჩემი გასაკეთებელი ამ სოფელში ჯერ კიდევ დარჩაო, დაემშვიდობა და პატარა აგურის სახლისკენ გაეშურა.
სახლში შევიდა. ლოგინზე გაცრეცილი პატარა ქალი იწვა და ძლივს სუნთქავდა. თავს ორი ქალი დასტრიალებდა.
- რა სჭირს, რით შემიძლია დაგეხმაროთ, მე მისმა შვილმა გამომგზავნა, მინდოდა მეთქვა, რომ ის კარგად არის, - ხმადაბლა თქვა ბიჭმა.
ქალმა თვალები გაახილა და ცრემლები ჩამოუგორდა.
- სოფლის ექიმმა თქვა: ორ დღეში ქალაქში გადაყვანაა საჭიროო. ურემი რომ დავიქირავოთ, ათი თუმანია საჭირო, ფაეტონისთვის კი - ოცდახუთი თუმანი. ეს დიდი ფულია შვილო, არ ვიცით რა ვქნათო, - უთხრა ერთ-ერთმა მომვლელმა.
ბიჭმა სახლის კარები გამოიხურა. გარეთ წუხანდელი ქორწილის ნეფე ელოდებოდა. დადარდიანებული ბიჭი მიუახლოვდა მას და უთხრა:
- სასწრაფოდ ოცდახუთი თუმანი მჭირდება. რა გზას დავადგე, რომ სოფელში რაიმე სამუშაოთი ეს ფული ვიშოვოო.
- მაგდენ ფულს სად იშოვი სოფელში? ერთად-ერთი მამასახლისის კურდღლების ფერმაში თუ წავალთ სამუშაოდ. იქ გავიმართავთ ხელს. ჩაოხრებულია იქაურობა, ფერმის დასუფთავება ყველას ეზარება, - თქვა ნეფემ.
კურდღლების ფერმა სოფლიდან ერთ კილომეტრზე იყო. მხართეძოზე წამოწოლილი კაცები მგზავრების დანახვაზე ფეხზე წამოდგნენ. დიდი სჯაბაასის შემდეგ შეთანხმდნენ. ბიჭები ფერმას დაალაგებდნენ და საფასურად ხუთ კურდღელს მიიღებდნენ. თითო კურდღლის ფასი ბაზარზე ხუთი თუმანი იყო.
სხვა რა გზა ჰქონდათ, შეუდგნენ საქმეს.

შემცოდველთა მიტევება

ბიჭმა გასაყიდად გამზადებული კურდღლები გალიაში ჩასვა. გალია ურემზე დადო, საგზალი აიღო და გზას გაუდგა.
გზაჯვარედინზე მეორე სოფლიდან მომავალ ურემს გაუსწორდა, მასზე საგულდაგულოდ გადაკრულ ტილოს თვალი შეავლო, ნეტა რა მიაქვს ასე რომ შეუფუთავსო, - გაიფიქრა და მგზავრს მიესალმა.
- საით გაგიწევია ამ დილაუთენია? - ჰკითხა მგზავრმა.
- კურდღლები მიმყავს გასაყიდად. მინდა დროულად დავბრუნდე უკან, - უპასუხა თავაუწევლად.
- ერთი გზა გვქონია. მეც იქით მივდივარ. ცოტა კომბოსტო და ჭარხალი მიმაქვს.
ერთხანს უბრად იარეს. კარგად გათენებული იყო, მდინარეს რომ მიუახლოვდნენ.
- მოდი წყლის პირას ლუკმა გავტეხოთ და მერე გავუყვეთ გზასო, - შესთავაზა მგზავრმა.
- კარგიო, - დაეთანხმა ბიჭი. საგზალი აიღო, ურემი გზის პირას გააჩერა და ნაპირზე ჩავიდა.
- სად იყავი ამდენი ხანი? - ჰკითხა გაკვირვებულმა.
- ჩემმა ხარებმა უცხოობა იციან. ვიფიქრე შენსას არ დაეტაკონ თქვა და თავბოლოშექცევით დავაყენე ურმები.
კარგად დანაყრდნენ. ერთმა თავისი თქვა, მეორემ თავისი და მერე აუყვნენ ბილიკს.
მგზავრი ურემს მიუახლოვდა და უცებ ყვირილი მორთო.
- აუ, ეს რა მომხდარა? გაგიჟდება კაცი, აბა რა იქნება. არ დამღუპეს შენმა კურდღლებმა?! გალიის კარი გაუღიათ ამ უნამუსოებს, გადამძვრალან ჩემს ურემზე და სულ ერთიანად შეუჭამიათ ჩემი ბოსტნეული. დღეს მარცხენა ფეხზე ავდექი და ვიცოდი რაღაც მეწყინებოდა.
ბიჭს გულზე ელდა ეცა.
- კი მაგრამ, ეგ როგორ მოხდა, მახსოვს გალიის კარები საგულდაგულოდ დავკეტე?!
- როგორ ჩაგიკეტია გამოჩნდა აგერ - არ ცხრებოდა მგზავრი. დავიღუპე, დამრჩა ცოლ-შვილი მშიერ-მწყურვალი.
- რა ღირდა ეგ შენი ბოსტნეული?
- ხუთი თუმნისა იქნებოდა.
- რა ამბავია, შე კაცო, ხუთი თუმანი ტონა ბოსტნეული ეღირებაო, - შეიცხადა ბიჭმა.
მგზავრი გაიბუტა და ზურგი აქცია.
- წამოდი, მივიდეთ ბაზარში, გავყიდი კურდღლებს და აგინაზღაურებ ზარალს, - სცადა ბიჭმა მისი დაწყნარება.
- დამცინი კიდეც, რა იცი, დღეს როგორი მყიდველი შემხვდებოდა? იქნებ მეტს მაძლევდა ვინმე?
ბიჭმა აღარ იცოდა რა ექნა. აბა, მითხარი რა ვქნა და როგორც მეტყვი ისე მოვიქცევი.
- რა ვქნათ და მივიდეთ ქალაქში მოსამართლესთან. იმან გაარჩიოს ჩვენს შორის მართალი და მტყუანი. თუმცა ამ საქმეს დიდი დროც სჭირდება და დიდი ფულიც - უთხრა მგზავრმა.
- არც ერთი მაქვს და არც მეორე. რათ გვინდა მოსამართლე, რასაც შენ გადაწყვეტ, უარს არაფერზე გეტყვიო.
მგზავრს ხასიათი გამოუკეთდა და განაჩენის გამოტანას შეუდგა.
- შენ გყავდა ხუთი გასაყიდი კურდღელი, მე მქონდა ერთი ურემი ბოსტნეული. ჩემი ბოსტნეული უკვალოდ გაქრა. შენი კურდღლები ყველა სახეზეა. ესე იგი ამ შემთხვევაში მე ვარ დაზარალებული და როგორც დაზარალებულს მეკუთვნის ერთი კურდღელი ხომ ასეა?
- ასეაო, - დაემოწმა ბიჭი.
- დარჩა ოთხი კურდღელი, რომელთა კუჭებიც სავსეა ჩემი ბოსტნეულით. ეს იგი კურდღლები საერთოა, ორივეს გვეკუთვნის, ხომ ასეაო?
- ასეაო, - დაემოწმა ბიჭი.
- ესე იგი მე კიდევ მეკუთნისო ორი კურდღელი.
მერე მგზავრმა სტაცა ხელი სამ კურდღელს, დააგდო ურემზე, ხარებს სახრე გადაუჭრა და წავიდა.
დარჩა ბიჭი პირშიჩალაგამოვლებული ორი კურდღლით.
მიდის და ფიქრობს, რა ვქნა ახლა? თითო კურდღელი ხუთი თუმანი ღირს. არადა, როგორ მჭირდებოდა ოცდახუთი?
ამ ფიქრში ბაზარს მიუახლოვდა. ხედავს მგზვრი შუაგულ ბაზარში ვაჭრებში ჩამდგარა, რაღაცას ყვება და გარშემომყოფნი სიცილით იხოცებიან.

- მომატყუა ამ უღმერთომ, - ჩაილაპარაკა გულნატკენმა ბიჭმა.
ბაზარს კარგა მანძლით გასცდა, ერთი სახლის კუთხეში დაჯდა, გვერდით მოიდგა გალია. მყიდველი არ ჩანდა, თუმცა როგორ გამოჩნდებოდა როცა ხალხი ბაზარშივე ილევდა თავის საქმეს.
მოსაღამოვდა. ბაზრიდან მდიდრული ფაეტონი გამოვიდა. ფანჯრიდან პატარა გოგომ გამოყო თავი და შესძახა:
- მამი, ნახე კურდღლები, მიყიდე რა?
- კურდღლებში რამდენი გინდა? - მოესმა ბიჭს მკაცრი ხმა.
- ოცდახუთი თუმანი, - ანგარიშმიუცემლად წამოიძახა ფიქრში გართულმა ბიჭმა. ეტლიდან ნასროლი ფული მიწაზე დავარდა. მერე მეეტლემ სტაცა ხელი გალიას, დადო ფაეტონზე და განაგრძეს გზა.
ბიჭმა ფულს დახედა. გული კინაღამ გაუსკდა. მართლა ოცდახუთი თუმანი იყო.
- ეს რა დამემართა, ორ კურდღელში ამდენი ფული როგორ გამოვართვი? სინანულით გაიფიქრა და სირბილით გაეკიდა ეტლს.
ფაეტონი მდიდრული სახლის წინ გაჩერდა. ბიჭი იქიდან გადმოსულ დიდგვაროვანს წინ აეტუზა.
- ბოდიში ბატონო, თქვენ ორი კურდღელი იყიდეთ ოცდახუთ თუმნად, - მორიდებით მიმართა მას.
კაცმა გაკვირვებით შეხედა.
- მერე, დაგაკელი რამე?
- როგორ გეკადრებათ ბატონო. პირიქით, თითო კურდღელი ხუთი თუმანი ღირს. აი, აიღეთ თქვენი თხუთმეტი თუმანი.
- მე კარგად მახსოვს ოცდახუთი რომ მთხოვე?
- შემეშალა ფიქრში გართულს. უსინდისოდ ნაშოვნი ფული მაინც არ შემერგება, - დარცხვენით უთხრა ბიჭმა.
კაცმა ფული გამოართვა. ზურგი აქცია და სახლისკენ წავიდა, მერე მოტრიალდა და ბიჭს უთხრა:
- პატიოსანი კაცი ყოფილხარ. ეს მითხარი, განცალკევებით რატომ იჯექი, ვაჭრებს რატომ არ შეერიე.
- მართალმა თქვა: - მარტოობაში სული მძვრება ხმის გამცემი მენატრებაო, - უპასუხა ბიჭმა.
- ტყუილმა რაღა თქვაო, - დაეკითხა კაცი.
- ტყუილმა თქვა: ძმაბიჭებში დავიკარგე, იმდენი მეგობარი მყავს, სათვალავი არ აქვსო.
კაცმა გულიანად გადაიხარხარა, მერე ბიჭს თხუთმეტი თუმანი დაუბრუნა და უთხრა:
- შენი სიმართლით გევლოს, აიღე ეს ფული. გულით გჩუქნი და ვისთვისაც გჭირდება აუცილებლად შეერგებაო.
- დაილოცოს შენი სამართალი უფალო! - ადიდა ბიჭმა ღმერთი და გაუდგა გზას გახარებული. შარაზე ურემს წამოეწია და ის იყო უნდა გადაესწრო, რომ მგზავრი შეიცნო.
- რა ჰქენი, გაყიდე კურდღლები? - დაეკითხა მგზავრს.
- რა უნდა მექნა, ხომ ვთქვი, დღეს მარცხენა ფეხზე ავდექი - მეთქი. გამექცნენ შენი კურდღლები და დავრჩი ხახამშრალი.
- ეგ რა მოგსვლიაო? - შეიცხადა ბიჭმა. თან გულში გაიფიქრა, ამ კაცს ნამუსი სულ დაუკარგავსო. მერე ამოიღო ჯიბიდან ხუთი თუმანი და გაუწოდა.
- ჰა, გამომართვი, ჩემი გულისათვის რატომ უნდა დაზარალდეო.
- მოო, გასძახა ხარებს მგზავრმა და ორივე ურემი გააჩერა. მერე ბიჭს თვალებში ჩახედა და დაეკითხა:
- გამაგიჟებ შენ. მართლა დაიჯერე ხომ? აბა, კარგად შემომხედე, ვგევარ მე ახლა იმ დოყლაპიას, რომელსაც კურდღლები გაექცეოდა?
- აბა მომატყუე? - ეშმაკურად იკითხა ბიჭმა.
- შე დალოცვილო, დილიდან გატყუებ და ეხლაღა მიხვდი? აიღე შენი ფული, ეს რა დღეში ჩამაყენე ამ ხნის კაცი? ცხოვრებაში პირველად შემრცხვა ჩემი ტყუილის. ისე როგორ ფიქრობ, შენ უფრო შორს წახვალ შენი სიმართლით თუ მე ჩემი ტყუილით? შენ გინდა გამოასწორო ეს დაქცეული ქვეყანა?
ბიჭმა ფული გამოართვა, გაიღიმა და უთხრა:
- ამ ქვეყანას თავის გამომსწორებელი ჰყავს და ჩვენც თუ ცოტას წავეხმარებით, უფრო ჩქარა გამოსწორდებაო. მარცხენა ფეხზე ავდექიო, რომ დაგიჩემებია, ფეხი მარჯვენაც უფალმა მოგცა და მარცხენაც. სხვათაშორის მაგ ფეხებით გასავლელი გზაც გაჩვენა. აწი, ძმაო, დილით რომ გაიღვიძებ, ფეხებს ნუ კი უყურებ, გზას დაუკვირდი. ერთი უფლისაა: სწორი და მართალი. მეორე ეშმაკის: მრუდე და ფლიდი. ხუთი თუმანი რომ არ გამომართვი ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს სწორ გზაზე დადექი და თუ იმასაც მიხვდები, რომ მატყუარას საქციელს კაცის გარდა სხვა განმსჯელიც ჰყავს, დამეწევი, გამასწრებ და ჩემზე შორსაც წახვალო. მერე ხარებს სახრე გადაჰკრა და შარაგზას გაუყვა.
მიუტანა ოცდახუთი თუმანი ავადმყოფს. პატიმარი კიდევ მოინახულა, დაამშვიდა. დაპირდა, უკანა გზაზე რომ გამოვივლი კვლავ მოგიკითხავთო და წავიდა თავისი გზით.

ავტორი
მადონა ნატრიაშვილი

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12144212 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ