მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  03:15 ქართული შრიფტი


გალაკტიონ ტაბიძე
რა ცაა!
"მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს" -





Untitled Document

ნუგეშისცემა მწუხარეთა

შემდეგ სოფლამდე  დარჩენილი მანძილი, ჩქარი ნაბიჯით სწრაფად გალია.
სოფელი მდინარის ხეობაში იყო გაშენებული.
ბიჭი ხეობას აუყვა.
ბონდზე შავებში ჩაცმული ქალი დალანდა, რომელიც დაჟინებით ჩასცქეროდა წყალს.
უცებ ქალი ადგილს მოსწყდა და მდინარეში გადაეშვა. ბიჭი მოულოდნელობისაგან ჯერ გაქვავდა, მერე ხურჯინი უაზროდ მოისროლა და მდინარეში გადახტა, მუხლი ქვას დაარტყა, ძლირმა ტკივილმა სუნთქვა შეუკრა. ქალი დინებამ წაიღო, ბიჭი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, წინ მიიწევდა. წამოეწია კიდეც და მის კაბის კალთას ჩაეჭიდა. ქალმა უხეშად ჰკრა ხელი მხსნელს და ისევ დინებას მიჰყვა. წყალმა იგი შორს გაიტაცა და ძლიერმა ტალღამ ქვას მიახეთქა. ბიჭი წამოეწია. მძლავრად ჩაჭიდა ხელები მის სხეულს, ნაპირისკენ გასცურა და რის ვაივაგლახით ნაპირზე აფოფხდა. ბევრი წვალების შემდეგ ქალს სული ამოათქმევინა.
- რატომ გადამარჩინე? ჩემს სიცოცხლეს აზრი მაინც არ აქვს ამ უსამართლო წუთისოფელში. მე ჩემს შვილთან მინდა, - ამოილუღლუღა ქალმა.
ამ სიტყვების გაგონებაზე ბიჭს გული დაუმძიმდა, თვალები ცრემლით აევსო, ნეტა შემეძლოს მისი ტვირთის ოდნავ შემსუბუქებაო, - გაიფიქრა და წამოდგომა სცადა, მაგრამ ადგილიდან ვერ დაიძრა. მუხლი თანდათან უსივდებოდა. ქალს თვალები ფართოდ გაეხილა და ღრმად სუნთქავდა. ბიჭმა აწეწილი თმები ფრთხილად გაუსწორა, მერე ხელი მოჰხვია და გულში ჩაიკრა.
შენი დროც მოვა, დედი. დრო, რომელიც თვითონ მიგიყვანს შენს ნატრულ შვილთან, ამ გზით კი სამუდამოდ დაემშვიდობები მას.
- შვილები კიდევ გყავთ?
- კი, ორი, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ყველას თავისი ადგილი აქვს ამ დასაწვავ გულში.
- ხომ იცი, დედი პირველი ქალი ვინც შეიცნო დედაშვილური სიყვარული და ვისაც პირველად ეწოდა, დედა, ეს ევა იყო, პირველი შვილმკვდარი დედაც - ევა იყო. ეს რომ უსამართლობა ყოფილიყო, უფალი ამას დაუშვებდა? ან ესე გასწირავდა და გულს ატკენდა სიყვარულით შექმნილ პირველ ადამიანს? არა, ალბათ ასე იყო საჭირო: "შეუცნობადია უფალო გზანი შენი".
დანაღვლიანდა ევა, აბელი რომ ვეღარ ნახა პირმცინარი, სიცოცხლისუნარიანი. ჰხედავდა უფალი, როგორ იტანჯებოდა ქალი, მოეფერა და დაამშვიდა.
- აბელთან ყველანი წახვალთ, ნუ სტირი. ჯერ ადამს მიხედე, მე შენ იმიტომ შეგქმენი, რომ იგი მარტო არ ყოფილიყო. მეორე შვილიც იმიტომ მოგეცი, რომ მისი დედაც ყოფილიყავი. ახლა აბელთან რომ წაგიყვანო, კაენი მოგენატრება და იქაც მოიწყენ. ამიტომ დაიცადე "ინაყოფე და გაამრავლე ჩემი ხატება დედამიწაზე".
დაუჯერა ევამ უფალს, რომ არ დაეჯერებინა დღეს არც ჩვენ ვიქნებოდით.
დიდხანს იცოცხლა ევამ, თუმცა ყოველდღე ემზადებოდა აბელთან გასამგზავრებლად.
გავიდა ჟამი. გამრავლდა, გაიზარდა მისი მონაგარი. ნახა უფალმა რომ ევამ მოიხადა მისი დედობრივი, ქალური ვალი დედამიწაზე და წააბრძანა ნატრულ შვილთან.
ქალი სულგანაბული უსმენდა ბიჭს.
ამასობაში სოფელში ვიღაცამ ამბავი აიტანა, მდინარეში ორი ადამიანი ჩაცვივდა და შველას ითხოვენო. დაიძრა მთელი სოფელი. ხეობა პირველმა ლამაზმა, თვალცრემლიანმა გოგონამ მოთქმით ჩაირბინა და ქალს ჩაეხუტა. ცრემლიან თვალებს უკოცნიდა და ეფერებოდა.
ირგვლივ ხალხის ტევა არ იყო. ბიჭი ფრთხილად ამოიყვანეს ხევიდან. ქალის სახლში მიიყვანეს, დააწვინეს და თავს დასტრიალებდნენ. ლოცავდნენ მის გამჩენს და ადიდებდნენ უფალს, მხსნელი რომ გამოუგზავნა ისედაც დიდი ტკივილის მქონე ოჯახს.
სამი კვირის შემდეგ შეძლო ბიჭმა ფეხზე დადგომა. ეს სამი კვირა ყველაზე ბედნიერი იყო მის ცხოვრებაში. ლამაზი გოგონა პატარა ბავშვივით უვლიდა, გვერდიდან არ სცილდებოდა, ისე მიეჩვივნენ ერთმანეთს, რომ უერთმანეთოდ სიცოცხლეც ვეღარ წარმოედგინათ.
- მალე თეთრი ცხენებით შებმული ფაეტონით მოვადგები შენი სახლის კარებს და წაგიყვან იქ, სადაც სიყვარულის ყვავილებს უეკლოდ დაკრიფავო - დაპირდა სატრფოს და გაუდგა გზას.

ჭმევა მშიერთა

ტრიალ მინდორზე ბოშათა კარავი იყო გაშლილი. გზის პირას ქალი და ორი ბავშვი იჯდა. ბიჭის დანახვაზე ბავშვები ელვის სისწრაფით წამოხტნენ და ერთხმად აყვირდნენ:
- დაგვეხმარე, გვაჭამე რამე, დაილოცოს ოჯახი შენი.
ბიჭმა ხურჯინი გახსნა. შიგ ტილოში გახვეული ორი ხაჭაპური და შემწვარი წიწილა იდო. პატარა მაწანწალები თავს დასტრიალებდნენ. თვითონაც შიოდა. ქათმის ბარკალი და ერთი ხაჭაპური თავისთვის დაიტოვა. დანარჩენი მათ მისცა. ატყდა ერთი ჩხუბი და დავიდარაბა ძღვენის გაყოფაზე. გაბრაზებული ბოშა ქალი ბავშვებს მივარდა. ხელიდან გამოსტაცა საჭმელი, მიწაზე თავსაფარი გაშალა, დანა ამოიღო და დაიწყო თანაბრად განაწილება. ჯერ ერთი ხაჭაპური დაჭრა, მერე მეორე, დაანაწილა ხორციც. ბავშვები გემრიელად ილუკმებოდნენ. ბიჭი სიყვარულით შესცქეროდა მათ. ნელ-ნელა სახის გამომეტყველება შეეცვალა. ჰხედავს ერთს ქათმის ერთი ბარკალი უჭირავს ხელში, მეორეს - მეორე.
- კი მაგრამ, რამდენი ბარკალი ჰქონდა ამ ქათამს? - გაიფიქრა და ხურჯინი გახსნა.
სად იყო მისი წილი ხაჭაპური და ბარკალი?!- მოუპარავთ, დამტოვეს მშიერი ამ უსინდისოებმა. რა რჯულის არიან ეგ უღმერთოები, უფლის მცნება - "არ იპაროო" - რომ არ იციან? ალბათ ქურდებად იბადებიან, თორემ აკვანში ხომ არა ისწავლიდნენ ამ უფლის მიერ დაგმობილ საქმეს? - ბუზღუნებდა იგი თავისთვის.
ერთხანს უყურა, ელოდა, იქნებ ჩემს მირთმეულზე მეც მიმიპატიჟონო, - მაგრამ მიხვდა, რომ მისი დარდი არავის ჰქონდა და გაუყვა გზას.
ორივე სამარცხვინოა - ქურდობაც და უმადურებაც, თუმცა რა ჩემი განსაკითხია მათი საქციელი. ცოტა მეწყინა, მაგრამ მშივრები ხომ დავაპურე? - ჰფიქრობდა თავისი საქ­ცი­ელით კმაყო­ფილი.

დაფლვა მიცვალებულისა

ორ სოფელს შუა გზა მთის ძირში გადიოდა. მიდის ბიჭი და გული უჩვეულო სითბოთი ევსება. საიდანღაც ძაღლის ყმუილი ისმოდა. ცოტა ხანში ყვავ-ყორნებს ავისმომასწავებელი ჩხავილიც გაისმა. ზეცას ახედა. ბიჭმა გზა იცვალა და საძოვრებს ზემოთ აჰყვა. ხედავს კაცი აგდია მკვდარი. გვერდით დიდი, ბომბორა მეცხვარე ძაღლი ზის და საცოდავად ყმუის. უპატრონოდ მიმოფანტული ცხვრები კი გულისწამღებად ბღავის.
- ალბათ გული გაუსკდა საწყალს. რა ვქნა, რა გზას ვეწიო, საიდან გავიგო, რომელ სოფელში ცხოვრობდა მწყემსი? სანამ პატრონს მოვძებნი, ფრინველი დაძიძგნის, ისედაც მოუსწრიათ ჩანისკარტება, თავის თავს ელაპარაკებოდა ბიჭი. ძაღლმა ყმუილი შეწყვიტა და ისე გულდასმით უსმენდა ბიჭს, თითქოს კითხვებზე პასუხის გაცემას აპირებსო. აქვე პატარა სამწყემსო ქოხი იდგა.
ბიჭი შიგ შევიდა, რკინის ძალაყინს მიაგნო, - ეტყობა, ამის ჭირისუფალი მე უნდა ვიყოო, თქვა და დაიწყო მიწის თხრა.
ძაღლი ხან ბიჭს ულოკავდა ხელებს და ხან პატრონს სახეს. კარგა ღრმად გათხარა მიწა. მერე ლოცვები წაიკითხა. მიცვალებული გააპატიოსნა, სხეულს კი სამუდამო ბინა მიუჩინა.
ქოხში ერთი დოქი ღვინო იპოვა. კაცს ჭიქა წაუქცია, მერე აიღო კომბალი, მოუყარა თავი ცხვარს, აქეთ მიიხედა, იქით მოიხედა, მაგრამ ძაღლი ვერსად იპოვნა, სადღაც გამქრალიყო. დაეშვა მთიდან. გზაზე ორი კაცი შეხვდა.
- საით გაგიწევიაო, - ჰკითხა ერთმა.
- მთის საძოვარზე მწყემსი მომკვდარა, დავმარხე და ფარა სოფელში მიმყავსო - მიუგო ბიჭმა.
- ჯერ ერთი, ეგ ფარა ამ სოფლის კი არა, იმ სოფლისაა, მეორეც, რას ჰქვია მომკვდარა და დამარხე. ძაღლი სადღააო? - შეეკითხნენ.
- ძაღლი სადღაც აქ იყო, თვალსა და ხელს შუა გამიქრა. ვეძებე და ვერსად მივაკვლიეო - ალალად უთხრა ბიჭმა.
- ვის ატყუებ შე უსინდისო, მწყემსაც შენ მოჰკლავდი და ძაღლსაც. სტაცეს ხელი ბიჭს და სულ სირბილ-სირბილით ჩაიყვანეს სოფელში.
- გაგიჟდით ხალხნო, ღმერთი არა გწამთ, ჩემს ცხოვრებაში ბუზი არ მომიკლავს და კაცსა და ძაღლს მოვკლავდიო? - თავს იმართლებდა ბიჭი.
სოფელში შესვლისთანავე ორივე კაცმა ერთად მორთო ყვირილი:
- მეზობლებო გამოდით, მოგვხედეთ, მწყემსის მკვლელი დავიჭირეთო, - გამოცვივდა ხალხი. ატყდა წივილ-კივილი. იმდენი ურტყეს ბიჭს, კინაღამ სული გააძვრეს.
მერე გამოჩნდა ერთი ღვთისნიერი, რომელმაც ხალხი დააშოშმინა და თქვა: გამთენისას მწყემსის შვილი დაბრუნდება ქალაქიდან და სამართალი იმან გაარჩიოსო. ამაღამ კი ბიჭი ხეზე მივაბათ რკინის ჯაჭვითო.
დაღამდა. ხეზე მიბმული ბიჭი ჰხედავს ბუმბერაზი მთიდან წმინდა გიორგის გუმბათიანი, საოცრად ლამაზი ეკლესია დაჰყურებს თავზე.
- რა ახლოს ყოფილხარ? დაილოცოს შენი მადლი. რისთვის მომაბეს ასეთი განსაცდელი? ნუთუ ყვავ-ყორნების დასაჯიჯგნად უნდა დამეგდო იმ პატიოსანი კაცის სხეული? მერე როგორ მოვსულიყავი შენთან, როგორ მეთქვა, წმინდა გიორგი შემიწყალე - თქვა. ვიცი, უნდა მოვითმინო ეს უსამართლობა. ჰოდა, მეც ვითმენ. უსასოოს, დაღლილ-დაქანცულს რული მოეკიდა. ძილ-ღვიძილში მყოფს, მოეჩვენა თითქოს ციდან ვარსკვლავი მოწყდა. გულზე სიმძიმე იგრძნო. - ის ვარსკვლავი ალბათ მე დამეცაო, - გაიფიქრა. უნდოდა მოეცილებინა ეს სიმძიმე, მაგრამ ძალაგამოცლილი ხელებს უაზროდ იქნევდა.

მერე ღრმად ჩაეძინა.
- არა ძმებო, ამ კაცს არ მოუკლავს მამაჩემი. კარგად იცით, ბომბორა მე არ მიკარებდა ახლოს და მამაჩემის მკვლელს ჩაეხუტებოდა? - ჩაესმა ჩაძინებულს.
ბიჭმა ამ სიტყვების გაგონებაზე თვალები გაახილა, თავს ოცამდე კაცი დასდგომოდა, გულზე სიმძიმეს ისევ გრძნობდა. თავი წამოსწია და ჰხედავს, ვეება, მეცხვარე ძაღლი მის გულმკერდზე გაწოლილიყო, გატრუნულიყო და მოთმინებით ელოდა მის გაღვიძებას.
- დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა! მადლობა წმინდა გიორგი, - ეკლესიისკენ აღმართა ხელები ბიჭმა. შენაც მადლობა, ჩემი სიმართლის მუნჯო მოწმევ, უთხრა ძაღლს და გულში ჩაიკრა ერთგული მეგობარი.
ერთი კვირა ბიჭი სოფლიდან არ გაუშვეს. ყველა ოჯახის სანუკვარი სტუმარი იყო. მერე სოფლიდან გააცილეს და პირობა ჩამოართვეს, უკანა გზაზე აუცილებლად გვინახულეო.
მთა, რომელზედაც წმინდა გიორგის ეკლესია იდგა, ხშირი ფოთლოვანი ტყით იყო დაფარული. საყდრისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს, ჩუქურთმებიანი ღობით შემოვლებული ორსართულიანი სახლი იდგა. ეზოს, ოცამდე, ასწლიანი კაკლის ხე ჩრდილავდა. იქვე, პატარა ღელე ჩამოედინებოდა.
ბიჭი ეზო­ში შევიდა და წყალს დაეწაფა. მხარზე ხელის შეხება იგრძნო.
- აქ შემოსვლა არ შეიძლება, ვინა ხარ შვილო? - ჰკი­თხა უცნობმა მო­ხუცმა.
- მეც არ ვიცი, ვინა ვარ და საიდან მო­ვდივარ.
- ვისია ეს სახლ-კარი, ბა­ბუ? - შეეკითხა ბიჭი.
- ერთი თავადის. ამ სოფლიდან ქალაქამდე რაც ადგილ-მამულია, მას ეკუ­თვნოდა. ეშმაკის მონამორჩილი, წარმავალ წუთისოფელზე შეყვარებული და კაცთმოძულე კაცი იყო ცხონებული. მძიმე განსაცდელმა, რომელიც თავისი ნებით დაატეხა თავს, უფლისკენ მოაბრუნა. სულით და ხორცით მოინანია ცოდვები. ალბათ, აპატია უფალმა, რადგან ბოლოს, ხალხის უზომო სიყვარული და სითბო დაიმსახურა. რაც კი რამ ებადა, ეკლესიას შესწირა და გლახას დაურიგა. სიკვდილის წინ კი ანდერძი დატოვა: ამ სახლის პატრონი უფლის შეწევნით უსათუოდ დაბრუნდება და მიმიხედეთო. ჰოდა უვლის და პატრონობს სოფელი.
- ქალიშვილი როდის გარდაეცვალა? - იკითხა ბიჭმა.
- იმ უბედური დღის შემდეგ, როცა თავადმა შვილიშვილი ძიძასთან ერთად გახიზნა სამშობლოდან, ქალს ამ სახლში ფეხი არ დაუდგამს, ეკლესიაში ცხოვრობს.
- ცოცხალია? - ძლივს ამოილუღლუღა ბიჭმა, მერე ადგილს მოსწყდა და მსწრაფლ საყდრისკენ გაეშურა.
თეთრწვერა მოძღვრის სახიდან მადლი იფრქვეოდა.
- მშვიდობა შენს მობრძანებას შვილო, - მიუალერსა მოხუცმა.
ბიჭი ხელზე ეამბორა მას.
- ვიცი, რისთვისაც მოხვედი. შენი განვლილი გზის ყოველი მისხალიც კარგად ვიცი. ბევრი ტანჯვა და დამცირება გამოიარე, მაგრამ როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანმა, ყველაფერი მორჩილად დაითმინე. არც არის გასაკვირი. შენი გამზრდელი ძიძა, ხომ სულით ხორცამდე ქრისტიანი იყო.
ყველა სოფელში სიყვარულით გელიან. დედმამიშვილებიც შეიძინე, მეგობრებიც და გულის სატრფოც ამოირჩიე.
ჰხედავ, როგორ ყვავილობს სიყვარულის ყვავილი? ამ მოკლე გზაზე შენ სულიწმინდის მადლით აღივსე. ახლა კი წინ დიდი, გრძელი და უფრო მძიმე გზა გაქვს გასავლელი. ისე გევლოს, რომ ეს მადლი არ დაგეკარგოს. მუდამ იცოდე რომ უფლის სამსახურში იდგე.
ბიჭს გული შეუქანდა, დაღლილ-დაქანცულს ნეტავ კიდევ სად მიშვებენო და მორიდებით იკითხა:
- მოძღვარო, საით მიდის ჩემი გზა?
- ცის სასუფეველისაკენ, შვილო, - მშვიდად მიუგო მოძღვარმა.
- რა, ვკვდები მამაო?
- უფალმა დაგიფაროს შვილო, ახლა ცოცხლდები. შენ, თავადის ერთადერთმა მემკვიდრემ, უნდა იტვირთო შენი ტვირთი. როგორც აქამდე იარე, იმ გზაზეც ისე გევლოს, გაჭირვებულისათვის ზურგი არასოდეს შეგექციოს.
ბიჭი თვალების ცეცებით ეძებდა ტაძარში მყოფთა შორის სანუკვარ სახეს. წმინდა სამების ხატის წინ ლამაზი, შავებში ჩაცმული ქალი მდუმარედ იდგა და თავი დაეხარა.
ბიჭი მას მიუახლოვდა. ქალმა თავი ასწია და ცრემლიანი მზერა მიაპყრო მას
- როგორი სითბოთი სავსე თვალები გქონია დედა - აღმოხდა გულის სიღრმიდან. მერე სამების ხატის წინ დაემხო და ადიდა უფალი.
"სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა".
თეთრ ცხენებშებმული, თეთრი ფაეტონი ყველა სოფელში ჩერდებოდა და ბიჭი სიყვარულის ყვავილებს უხვად ჰკრეფდა.
ტყის მცველის სახლის წინ ხალხის ტევა აღარ იყო.
ნეფე-დედოფალს ელოდებოდნენ. თუმცა სახლი სადღა ჩანდა?
სიყვარულის ყვავილებს ბაღნარად ექციათ იქაურობა.

ნეკისა29
(ეძღვნება ექვთიმე თაყაიშვილის ნათელ ხსოვნას)

იყო და არა იყო რა. იყო ერთი სოფელი – არაშენდი. ეს უცნაური სახელი მისთვის თურმე დიდი ხნის წინათ დაურქმევიათ. რატომ და რისთვის არავინ უწყის. სოფელს სიცოცხლის ძალას პატარა, მორაკრაკე რუ აძლევდა, რომელიც სათავიდან სულ რაღაც ოც მეტრში, ხევში იკარგებოდა. ერთ ზაფხულს საშინელი გვალვები დაიწყო. მზის მწველმა სხივებმა სიცოცხლე მოუსწრაფა რუს. სოფელი არა მარტო სარწყავი, სასმელის წყლის ნატრულიც გახდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ხალხმა ამ ადგილიდან აყრა განიზრახა.
სოფელს კეთილი მწყემსი ჰყავდა. ხალხს - უფალთან ძველისძველი ღვთისმშობლის ეკლესია აერთიანებდა. ეკლესიის ზარების რეკვით იხმო მწყემსმა მრევლი, და დამოძღვრა:
- ითხოვეთ და მოგეცემათ -
მუხლმოდრეკილნი დღე და ღამე ლოცულობდნენ უფლის მორჩილი, შრომისმოყვარე ქრისტიანები და შველას ითხოვდნენ. ერთ ღამეს მოძღვარს ზმანება ჰქონდა: - ღვთისმშობელმა წყლით სავსე დოქი ეკლესიის ეზოში დადო და პირჯვარი გადასახა. მეორე დღეს მოძღვრის რჩევით, სწორედ იმ ადგილზე გათხარეს მიწა, სადაც ყოვლადწმინდამ მიანიშნა და ერთ მეტრზეც არ იყვნენ ჩასული მიწის სიღრმეში, რომ წყალი აჩუხჩუხდა. ასე იხსნა სოფელი გადაშენებისგან ღვთიურმა მადლმა.
გავიდა დრო. სოფელი აყვავდა, იშვიათად ნახავდა კაცი ასეთ ერთურთისმოყვარე ხალხს. ტკივილიც ერთი ჰქონდათ და სიხარულიც.
ერთ ავბედით დღეს ქალაქიდან სოფელს მდიდარი სოვდაგარი ეწვია. იგი გააოცა მწვანეში ჩაფლული, ბაღნარად ქცეული სოფლის სილამაზემ და გადაწყვიტა აქ დასახლებულიყო.
დასახლდა კიდეც. სწორედ იქ იყიდა სამოსახლო, სადაც ადრე რუ იღებდა სათავეს. დაიწყო სასახლის მშენებლობა და იმ დღიდან დაიწყო სოფლის უბედურებაც. აუარებელი ფულის პატრონმა მთელი სოფელი ჩართო ბაღ-ვენახების გაშენებაში. გასამრჯელოს უხვად იძლეოდა. დასაქმდა ხალხი, მაგრამ სულ მალე ფულმა გონება აურია მათ. ბოროტებამ, შურმა იმძლავრა. საქმით დაკავებულნი აღსარებისათვის, ლოცვისათვის ვეღარ იცლიდნენ. პატარა ჭამ ამდენი ველ-მინდვრების მოვლა-პატრონობა ვეღარ შეძლო. ჯერ დაილია, მერე კი უჩუმრად გაუჩინარდა. დაიწყო გვალვები. ხალხი ისევ შემოუბრუნდა ეკლესიას, მაგრამ, უფლის მადლი იქ გადმოდის, სადაც მოყვასის სიყვარულია.
მაშინ იმძლავრა ბოროტმა. დრო იხელთა მაცდურმა ამა სოფლისამ და ბრძანა:
- ჭა დაანგრიეთ, ეკლესიას გალავანი შემოავლეთ. ჭის ადგილზე ღვთაება აღმართეთ, რომელიც უთუოდ შეისმენს ჩვენს ლოცვასო. უმეცარმა ხალხმა თავისი ხელით აღმართა ბარიერი რწმენასა და სოფელს შორის.
ჭა დაანგიეს და მის ად­გი­ლზე ხელთქმნილი კერპი დადგეს.
იმ ღამეს საშინელი ქარი ამოვარდა. მიწა იძრა და ეკლესია ნანგრევებად აქცია.
იმ ღამეს ხარს ძვრა არ მოსვლია.
იმ ღამეს რუ ისევ არაკრაკდა.
რა იცოდნენ ცოდვის მორევში ჩაძირულებმა, რომ ეშმაკმა ყველაფერი მოიმოქმედა, რათა მათთვის რწმენა შეერყია და შეურყია კიდეც. რუს გამოჩენა ხალხმა კერპის წყალობად ჩათვალა.
ასე გახდა სოფელი ურჯულოთა საკუთრებად. ხალხმა გაიხარა, მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა მათი სიხარული.
ერთ დღეს ვაჭარმა ბრძანა:
- წყალი ჩემს ტერიტორიაზე მოედინება და ჩემი საკუთრებააო. მისი ერთადერთი ბატონ-პატრონი მე ვარო და მის ყოველ წვეთს ფასი დაადო.
წყლის წვეთის ფასი კი - რწმენა იყო.
ჯვრის მატარებელს, სახლში წმინდათა ხატების მქონეს, წყალი არ ეძლეოდა.
ასე გაყიდა სოფელმა სარწმუნოება.
ასე დაკარგა სოფელმა უფლის მადლი.
ბევრჯერ ეცადა მწყემსი დაფანტული ცხვრების თავმოყრას, მათი დაავადებული სულების განკურნებას, მაგრამ ვერას გახდა მაცდურთან და დატოვა სოფელი. არა იმიტომ რომ მოიძულა ის, არამედ იმიტომ რომ გულმხურვალედ, განმარტოებით ელოცა მისთვის.
ერთ დროს ქალაქისკენ მიმავალი უმოკლესი გზა სოფელზე გადიოდა. შორეული მგზავრი ყოველთვის მუხლს იყრიდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინ და მშვიდობას შესთხოვდა ქალწულს.
დღეს - გზაც დავიწყებოდა მგზავრს და ოდესღაც ამაყად მდგარი ტაძარიც.

* * *

ბიჭმა მჭადის და ყველის ნატეხი ხურჯინში ჩაიდო, მთვარის შუქით განათებულ ოთახში მშვიდად მძინარე დედას და ძმებს თვალი სიყვარულით შეავლო და უჩუმრად გაიხურა მამაპაპისეული სახლის კარები.
ქალაქისაკენ მიმავალ გზას დაადგა. ფიქრებში გართულმა კარგა მანძილი გაიარა. შორს, ჰორიზონტზე ქალაქიც გამოჩნდა. ნეკისას გულმა ბაგა-ბუგი დაუწყო.
- ვაითუ, მართლა უვარგისი დამბადა გამჩენმა, ვაითუ, მართლა ჭიაყელასავით გამსრისავს ეს წუთისოფელი? -
შიშმა შეიპყრო. მერე ზეცას ახედა ვედრებით:
- უფალო, შენ მაჩვენე ჩემი გასავლელი გზაო, - შეევედრა მამაზეციერს და გზა განაგრძო.

უცებ ქვას ფეხი წამოჰკრა და მიწაზე გაიშხლართა. წამოდგა, ჩოხის კალთა დაიფერთხა და არემარე მოათვალიერა. მარცხნივ ტრიალი მინდორი იყო. მარჯვნივ ორ მთას შორის, ჯანგარში, ნაბილიკარი შენიშნა, რომელიც ზევით მიიწევდა და მთებში იკარგებოდა. ეტყობა, აქეთ მიდის ჩემი სულის ცხონების გზაო, - გაიფიქრა და ბილიკს აუყვა. მისი ნატერფალის ქვეშ ბალახი ითელებოდა.
შუადღის პაპანაქება იდგა.
ბიჭმა გზა გალია. ფერდობიდან ოთხ მთას შორის ნაცრისფერი, პატარა სოფელი მოჩანდა.
ნეკისა დაღმართზე დაეშვა. უცებ შედგა, ნაბილიკარზე ხის ბოძი იყო დარჭობილი, მასზე გაკრული ხელით ეწერა: სოფელი არაშენდი. წინ თუ წახვალ, უკან ვეღარასოდეს დაბრუნდები.
- ფუი, ეშმაკსო, - გადააპურჭყა ბიჭმა.
- რას იფურთხები თუ იცი? თეთრი ქათქათა ცხვირსახოცით ლოყას იწმენდდა ნეკისას წინ მდგარი ყმაწვილი.
- მართლა ეშმაკი თუ არა ხარ, ასე უცებ საიდან გაჩნდიო, - ჰკითხა ნეკ­ისამ.
- მერე და ვინ გითხრა, რომ არა ვარო. მაინტერესებს რომელ გზას აირჩევ, ძმაო, წინ ივლი თუ უკან დაბრუნდები?
- ვინ არის შენი ძმა, უფლის დამკარგველო, წინ ვივლი, რადგან უკანდახევა მე არ მჩვევია.
- რას მიბრაზდები, ხომ იცი როგორ მიყვარს ადამიანები, როგორ ვუფრთხილდები მათ სოცოცხლეს?
ბიჭს უნდობლად გაეცინა და შემხვდურს ჰკითხა: - ერთი მითხარი ისეთი იმ სოფელში რა ხდებაო.
- ისეთი არაფერი. იქ ჩემი სამფლობელოა. სხვა ცხოვრების წესია, შენთვის მიუღებელი.
ნეკისამ ისევ გახედა სოფელს და ყმაწვილს მიუბრუნდა.
- ცოდვით დაბრმავებულო, იმ ნანგრევებს ხომ ხედავ? არ შეიძლება დემონების სამკვიდრო გახდეს ადგილი, სადაც ეკლესია იდგა.
- დამიჯერე, ბიჭო, დაიღუპები, მართლა მეცოდები, თუ სიკვდილი გწყურია მითხარი და თავს დაგანებებ.
- შენ და შეცოდება? ეგ რაღაც ახალია ჩემთვის, ხომ არ დაბერდი, დაძაბუნდი, მაცდურო? ისე, სიკვდილს ჯერ არ ვაპირებ, როცა დავაპირებ შენც თან წაგიყოლებ.
- თავი დამანებე, ხომ იცი, მე უკვდავი ვარ.
- შენ კი, მაგრამ საქმენია მოკვდავი. ბოროტების, სიძულვილის თესლს სად თესავ, არ ფიქრობ? ნიადაგი ხომ უფლისაგან სიკეთით, სიყვარულით შობილი ადამიანია? კარგად იცი, რომ თესლი, რომელიც ღმერთისგან არ არის ხელდასმული, ვერ გაიხარებს. ერთხანს იბოგინებ, იცოდვილებ და მერე, ალბათ, შენც გეშველება, სიკვდილნატრულს. მე წავედი, თუ გინდა, შენც თან წამომყევი.
- წადი, წადი, მე უკვე დიდიხანია იქა ვარ და გელოდები.
ბიჭი დაღმართს ჩაუყვა, ნაბილიკარის ბოლოს პატარა ხის სახლი იდგა. აივანზე ხანდაზმული ქალი იჯდა.
- გამარჯობა დედი! -
- გაგიმარჯოს შვილო. გზაზე არ შემიმჩნევიხარ, საიდან მოხვედი?
- მთიდან ჩამოვედი, ღამეს ხომ ვერ გამათევინებ?
- მაგ მთიდან ოცი წელია არავინ ჩამოსულა, შენს გახარებას, შვილო, ასე რატომ დაიგვიანე?
- დავიგვიანე? თქვენ რა, მელოდით?
- ჰო, რახანია.
- მოდი შვილო, მე დავრდომილი ვარ, სიარული არ შემიძლია, მაგიდაზე ლობიო, პური და ღვინო დევს, მიირთვი და მოისვენე. ერთი კი არა თუ დაგჭირდა, ათი ღამე გაათიე ჩემს სახლში, ოღონდ შევთანხმდეთ, დღეში სოფლის ბოლოდან სამ ჩაფ წყალს მოიტან - ერთს ჩემთვის, ერთს შენთვის და ერთსაც კი, აი, იმ მთის წვერზე, გამოქვაბულში მცხოვრებ განდეგილს აუტან და კარებთან დაუდგამ. საბძელში ცხენი აბია, იმას მიხედავ. წყლის ფულს თავიდან მე მოგცემ, მერე შენც იშოვი.
- წყალი რა, იყიდება დედი?
- ჰო, იყიდება, მდიდარი ვაჭრის საკუთრებაა და ყოველ წვეთს ვყიდულობთ.
ბიჭმა ჩოხა გაიხადა, გულისპირი გაიხსნა. ქალმა ბიჭს თვალი შეავლო. ნეკისას გულზე დიდი გიშრის ჯვარი ეკიდა.
- გფარავდეს მაგ ჯვრის მადლი შვილო. გულისპირი არავისთან გაიხსნა, ჯვარი არვინ დალანდოს. მისი ტარება ამ სოფელში დიდ ცოდვად ითვლება. თუმცა, სოფელი ვერც გრძნობს, თვითონ რა მძიმე ჯვარს ატარებს - სევდიანად უთხრა ქალმა. ისე კერა რატომ დატოვე, ქალაქისკენ მიგიწევს გული?
- არა, ჩემთვის სულერთი იყო, სად წავიდოდი. მღვდლის შვილი ვარ. ბავშვობიდან ეკლესიაში ვიზრდებოდი, რაც მამისგან ვისწავლე, ეს უფლის სიყვარული, და წერა-კითხვაა. ცოტა რომ წამოვიზარდე, ცხენების მოვლა-პატრონობა დამავალა. ჰოდა, მეც ჯირითში და წიგნის კითხვაში ვათენებ-ვაღამებდი, სხვა საქმე არ მისწავლია. მამა რომ გარდაიცვალა, ძმებმა ჩემი კაცად გახდომა გადაწყვიტეს. ისეთ საქმეს მავალებდნენ, რაც არ ვიცოდი და რისი სწავლაც არ მინდოდა. ნუთუ ყველამ მიწა უნდა თოხნოს და საქონელს მოუაროს?
ბევრს ეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ვერანაირი ხელობა ვერ შევისწავლე. ჩემი დარდით კვდებოდა ოჯახი.

ჰოდა, მეც მივატოვე ჩემი საყვარელი ანგელოზები, დარდი მოვუხსენი მათ. დედა მეცოდება, ვიცი უჩემოდ გაუჭირდება. ნაბოლარა ვარ ხუთ ძმაში. ნეკისაც მიტომ დამარქვეს. დედის რჩეული ხარო, მეუბნებოდნენ სოფელში. განა შეიძლება დედას რომელიმე შვილი გამორჩეულად უყვარდეს? დედა ყოველთვის გრძნობს, რომელ შვილს აწუხებს სულის შფოთვა, რომელი ვერ პოულობს ადგილს ამ წუთისოფელში და მისი გულის სითბოც მისკენ უფრო უხვად მიედინება - უთხრა ბიჭმა და ღრმად ამოიოხრა.
დაღლილს მალე ტკბილად ჩაეძინა. მეორე დილით კი სოვდაგრის სახლისკენ გაემართა.
გვალვისგან საცოდავად დამზრალი მიწა, გადამხმარი, გადამწვარი ბაღ-მინდვრები სოფელს უფერულს და უსიცოცხლო იერს აძლევდა. სოფლის შუაგულში უმეტყველო, დიდთვალება თიხისგან შეთითხნილი, ხელთნაკეთი ხარი იდგა. კერპსა და ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევებს დიდი ქვის გალავანი ჰყოფდა.
- აი, თურმე რატომ არ უნდა შევიხსნა გულისპირი. აი, თურმე რა მძიმე ჯვარს ატარებს სოფელი - გაიფიქრა და გზა განაგრძო.
ვაჭარმა ბიჭი თბილად მიიღო. ნეკისამ მას სამსახური სთხოვა და თან დასძინა, ცხენების მოვლის გარდა არაფერი მეხერხებაო.
საჭირო კაცი ყოფილხარო, - დაუყვავა და საჯინიბო ჩააბარა. კარგ გასამრჯელოსაც დაპირდა.
ამ დროს სახლის აივანზე ლამაზი, შავგვრემანი, მხარბეჭიანი ბიჭი გამოჩნდა. სიცხისაგან შეწუხებული ვაჭრის შვილი, თეთრი ქათქათა ცხვირსახოცით შუბლზე ოფლს იწმენდდა.
იმ დღიდან ნეკისას მოცლა არ ჰქონდა. მთელი დღე მუხლჩაუხრელად შრომობდა, საღამოს კი თავისტოლ გოგო-ბიჭებში ერთობოდა. გვიან ღამით კი სანთლის შუქზე წიგნს კითხულობდა.
- რას კითხულობ ყოველ ღამე შვილო? - ჰკითხა ერთხელ დედობილმა, ბიჭს გაეცინა.
- ჩემი ძმები, დედი სულ დამცინოდნენ, რით ვერ დაამთავრე ამ ერთი წიგნის კითხვაო? ეს სახარებაა დედი - წიგნი, რომელიც მთელი ცხოვრება რომ იკითხო მაინც ვერ დაასრულებ.
- სახარება? აბა, მათხოვე შვილო, ხელი შევავლო, შევიგრძნო უფლის მადლი, -  წამოიძახა ქალმა და მკვირცხლად წამოდგა სკამიდან.
ბიჭს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
- აკი დავრდომილი ვარო, აკი ვერ დავდივარო, მატყუებდი დედი?
- შენ კი არა შვილო, იმ ურჯულოებს ვატყუებ. მანამდე არაფერი გეტკინოს შენ, სანამ ფეხებმა იმ ხარის წინაშე მუხლი არ მოიყაროს.
ნეკისამ გულში ჩაიკრა ქალი და დედაშვილურად მოეფერა.

* * *

დღე დღეს მისდევდა. სითბოს, სიყვარულს, სიკეთეს, სიმართლეს ნატრულმა ხალხმა მალე შეიყვარა და შეისისხლხორცა ნეკისა. მასაც განურჩევლად, ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით უყვარდა თითოეული მათგანი და უფლის შეწევნით, ყველანაირად ცდილობდა სულიერი საზრდო მიეწოდებინა მათთვის.
ერთხელ ბიჭმა ცხენი ქალაქისკენ გააჭენა. კერპთაყვანისმცემელთა სოფლიდან სულ რაღაც თხუთმეტიოდე კილომეტრში ბაღ-ბაღჩასავით აყვავებულ, მწვანეში ჩაფლულ სოფელში აღმოჩნდა. ერთ კოპწია ეზოში ლამაზი გოგო ჭიდან წყალს იღებდა. ბიჭმა ცხენი ჭიშკართან მიაგდო და გასძახა:
- მასპინძელო წყალს ვერ დამალევინებ?
გოგომ დოქით წყალი მიართვა. ბიჭმა სულმოუთქმელად დალია და სიამოვნებისაგან ამოიკვნესა: მართლაც რომ უკვდავების წყალია ეს დალოცვილი.
- დედა ცოცხლად დაუმარხავს და დედინაცვალს ელოლიავება? - ჩაილაპარაკა ქალმა.
- ეგ რას ნიშნავსო? – ჰკითხა ბიჭმა.
- ეს გამოცანაა, გამოიცნობ?
- თუ გამოვიცნობ მერე რა? ცოლად გამომყვები? - დაეკითხა ბიჭი
- რატომაც არა - თამამად უპასუხა ქალმა. შენს ცოლობაზე ვინ იტყვის უარს. ამ მოკლე დროში ყველას შეაყვარე თავი.
იმ დღიდან მოსვენება დაკარგა ბიჭმა. თავდავიწყებით შეუყვარდა ქალი, რომელიც თურმე ვაჭრის შვილის გულის რჩეულიც იყო. მეტოქის დარდი არ აწუხებდა ნეკისას, გრძნობდა ქალიც არ იყო მისდამი გულგრილი, ისიც კარგად იცოდა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი ურჯულოს ცოლად არ გაყვებოდა. მისი დარდი სხვა იყო - პასუხი გამოცანაზე.
ერთ დღეს ბიჭმა წყალი და საჭმელი აუტანა განდეგილს და პირველად გაბედა გამოქვაბულის კარის ზღურბლზე გადაბიჯება. თეთრთმიანი მოხუცი ზურგით იდგა, ქვის პატარა ბორცვზე დიდი, ლამაზი ხის ჯვარი იყო დაბრძანებული. მარჯვნივ ძვირფასი თვლებით მოჭედილი ღვთისმშობლის ხატი ესვენა. სანთლები ლიცლიცებდნენ გამოქვაბულში. მოხუცი მხურვალედ ლოცულობდა.
ბიჭიც ლოცვად დადგა.
ლოცვის შემდეგ სიჩუმეში ხავერდოვანი ხმა გაისმა:
- რატომ დაიგვიანე? -
- თქვენ რა მელოდით? - დაბნეულმა იკითხა ბიჭმა.
მოხუცი შემობრუნდა, ნეკისას გაუღიმა, მიუახლოვდა და შუბლზე ეამბორა. დიდხანს საუბრობდნენ. ბოლოს ბიჭმა თავისი სატკივარი გაანდო მოძღვარს.
დედა - იმ ეკლესიის ნანგრევებია, გალავნის მიღმა რწმენასთან ერთად რომ დაივიწყა სოფელმა. დედინაცვალი კი - ურწმუნოთა მიერ ღვთაებად ქცეული კერპიო, - აუხსნა მოძღვარმა.
ნეკისა დაფიქრდა. - კი მაგრამ, წყალი აქ რა შუაშიაო? - იკითხა გაკვირვებულმა. მაშინ მოხუცმა უამბო ბიჭს სოფლის თავგადასავალი. ნეკისას გული სევდით დაუმძიმდა. მოძღვარმა დაამშვიდა და უთხრა: - სადაც ორი დგას ჩემი სახელით, მეც მათ შორის ვარო - გვასწავლის უფალიო.

* * *

შუაღამე გადასული იყო, როცა მძინარე ქალის ოთახში ფანჯრიდან ვიღაც გადაძვრა. მძლავრი დარტყმით ქალს გონება დააკარგვინა, მერე ზურგზე მოიგდო, იქვე დაბმულ ცხენს მოახტა და სიბნელეში გაუჩინარდა.
სასახლის გვერდით რუს პირას, ეკლესიის ნანგრევებიდან წამოღებული აგურებით ნაშენები, ორსართულიანი კოშკი იდგა. გონწასული ქალი უცნობმა საწოლში დაასვენა. გამთენიისას ვაჭრის შვილი კოშკისკენ გაემართა და კარი ჩუმად შეაღო. მძინარე ქალს მიუახლოვდა, მის ლამაზ, უმანკო სახეს დიდხანს უყურა. მერე დაიხარა და საკინძე ფრთხილად გაუხსნა. ქალს მკერდი გაეღეღა. თეთრ, ფითქინა კანზე ლალის თვლებით მოჭედილი ჯვარი მთვარის შუქზე უჩვეულოდ აელვარდა. ჯვრის დანახვაზე ეშმაკის მსახური ელდანაკრავივით უკან იქცა. ქალს გამოეღვიძა, შეშინებული ფეხზე წამოხტა, კედელს აეკრა და ხმამაღლა დაიწყო ლოცვა. წმინდა ქვებმა არ დააყოვნეს, თითოეულ აგურზე მანათობელი ჯვარი გამოისახა და ოთახი გააკაშკაშა.
მაცდურმა თვალებზე ხელი აიფარა: - დაგწვავთ, დაგფერფლავთ შენც და შენს სარწმუნოებასაცო, - დაიღრიალა და იქაურობას გაეცალა.
სულ მალე კოშკი ცეცხლის ალში გაეხვია. აივანზე გასასვლელ ხის კარებს ცეცხლი ელვის სიწრაფით მოედო.

- უფალო, ნუ მიმატოვებო, - დაიჩურჩულა ქალმა. ალმოდებულ კარებში გავარდა და აივნიდან ჩანჩქერში გადაეშვა, წყლის ნაკადმა კი ხევში მოისროლა მისი სხეული.
ცეცხლის ჩაქრობას მხოლოდ სასახლის მკვიდრნი ცდილობდნენ. სოფელი განზე იდგა.
ქალი უფლის წყალობით ბუმბულივით რბილად დაეცა ხევში, ბებერი ხის ფესვებზე. სიხარულის ცრემლებს კაბის კალთით იწმენდდა და ნელ-ნელა ფორთხვით ზევით მიიწევდა. მის სავალ გზას ნათელი ადგა. ეს არ იყო მთვარის შუქი. ჩირაღდანი მის მფარველ ანგელოზს ეჭირა ხელში. გამთენიისას გამოქვაბულის კარების ზღურბლზე მოწყვეტით დაეცა ძალაგამოლეული ქალი. ნეკისამ გულში ჩაიკრა საყვარელი არსება.
ლოცვის დაწყებამდე, მოძღვარი მდუმარედ ისმენდა ახალგაზრდა ქრისტიანთა აღსარებას. ბარე ოცი წელია, სოფლის მკვიდრთაგან არვინ მისულა მასთან, ცოდვათა სინანულით. კი არ გრძნობდა, ხედავდა კიდეც როგორ ისმენდა უფალი სულის ხსნის გზაზე მდგართა აღსარებას.
მოძღვარმა დალოცა ქრისტიანული ოჯახი.
ქალის გადარჩენის ამბავი საიდუმლოდ დარჩა სამთა შორის.
იმ დღიდან გაძლიერდა ბრძოლა ბოროტსა და კეთილთა შორის. მაცდური გრძნობდა იმ დიდ სიყვარულს, რომელიც ნეკისამ დაიმკვიდრა სოფელში და შიში ეუფლებოდა.
იმ დღიდან სოფელმა გარიყა იგი. ცივი ზამთარი დადგა. პატარა რუ გაიყინა. სასმელ წყალს ხალხი ურმებით მეზობელი სოფლიდან ეზიდებოდნენ. ნეკისა კარდაკარ დადიოდა, საღმრთო წიგნს თითოეულ ოჯახს უკითხავდა, ნელ-ნელა სოფელი გონს მოეგო. თითქმის ყველა ოჯახის სარდაფში თუ სხვენში ინახებოდა მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმინდანთა ხატები, ჯვრები. საღმრთო წიგნის მადლმა მზის შუქზე გამოიტანა მათი მირონცხებული სახეები. ბოროტი კი მძვინვარებდა. ვაჭარმა თითქმის ყველა მოსამსახურე დაითხოვა და ულუკმაპუროდ დატოვა. მამა-შვილის ერთგულები გზებზე ხვდებოდნენ გლეხებს და ურმებს უმტვრევდნენ უდანაშაულო ადამიანებს.
ზამთრის სუსხმა გადაიარა. რუმ ერთი-ორჯერ გაირაკრაკა და ხევში გაუჩინარდა. ბოროტმა ამ შემთხვევით ისარგებლა. ხალხს საღმრთო ხართან მოუხმო და მიმართა:
აი, უბადრუკნო და უმადურნო ადამიანებო. ღვთაებამ ზურგი გაქციათ. ამ წმინდა ცხოველმა მოგცათ პური, წყალი, ფული, თავისუფლება, ბედნიერება - თქვენ კი რა მიაგეთ? თაყვანისცემას, მსხვერპლის შეწირვას ითხოვს ყოვლადმოწყალე. დაიჩოქეთ, პირქვე დაემხეთ და პატიება სთხოვეთ მას.
მუხლი არავის მოუყრია. ხალხი ნელ-ნელა გაშორდა ბოროტს.
- ვფიცავ, ადამიანის სისხლით მოვრწყავ შენს წმინდა სხეულს - დაიღრიალა მარტოსულმა და პირქვე დაემხო კერპის წინ.

* * *

პაპანაქება სიცხეები დაიწყო. გვალვამ იმძლავრა, კვლავ დიდი განსაცდელის წინაშე დადგა სოფელი.
ახალი მთვარის შუქს დღესავით გაენათებინა არემარე. ნეკისას თავქვეშ ხელები ამოედო, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გასცქეროდა და მიტოვებულ ოჯახზე სევდით დამძიმებული ფიქრობდა.
- ნეტა რო­გორ არიან იქ ჩემები?
მალე შვილი მეყოლება.
მალე სოფელიც მოექცევა.
მალე ჩემი მონაგარით ავივლი უკვე გათელილ ბილიკსო და ასეთ ოცნებაში ჩაეძინა. სიზმარში დედა ეზმანა, მისკენ ხელგაწვდილი ევედრებოდა:
- ნეკისა, - მომენატრე შვილო, მოდი, ხელი შეგავლო. მოდი, მოვეფერო შენს კეთილ სულს.
- ცოტა დამაცადე, დედი, მალე გავთავისუფლდები, დაგრეხილი ბაწრითა ვარ მიბმული წუთისოფელზე.
დიდხანს იწვალა ნეკისამ და ბოლოს რის ვაივაგლახით, დასისხლიანებული ხელებით გაწყვიტა იგი. გულში ჩაეკრა დედას:
- აჰა, დედი შენ სხეული ჩემი, მოეფერე, სული კი - უკვდავებისკენ მიმყავს - უთხრა და გამოეღვიძა. თვალებს არ უჯერებდა, ოთახში განდეგილი ბოლთას სცემდა. უკვე დადგა დრო სოფელში თქვენი დაბრუნებისა მამაო? - იკითხა დაბნეულმა ბიჭმა.
- ჰო, შვილო, მინდა გახარო, ბიჭი შეგეძინა, ბიჭი.
- ბიჭი?
ნეკისა ელვისსისწრაფით წამოვარდა ფეხზე. წერაქვს ხელი დასტაცა და სოფლის შუაგულისკენ გაიქცა. ჯერ ეკლესიის ნანგრევებს და კერპს შორის აღმართული კედელი გაანგრია, მერე ერთი ხელის მოქნევით კერპი მიწაზე დასცა.
სამარისებურ სიჩუმეში წერაქვის დარტყმის ხმას მთები ექოთი პასუხობდნენ. ნელ-ნელა ყველა სახლში აინთო სანთელი. ჩირაღდნებით ხელაღმართულმა ხალხმა წრე შეკრა მოედანზე, ნეკისამ მათ თვალი მოავლო, წერაქვი ზე აღმართა და
- აკი გითხარი, უკან ვეღარ დაბრუნდები - მეთქი, გაისმა შემზარავი ხმა და ნეკისამ ძლიერი ტკივილი იგრძნო ბეჭის არეში.
- მე უკვე დავბრუნდი. მე მაშინ დავბრუნდი, როცა პირველი ქრისტიანი დაიბადა წარმართთა სოფელში, თავადო ამა სოფლისაო, - უპასუხა და წერაქვი ისევ ზე აღმართა…
ტკივილი ეხლა ბევრად უფრო ძლიერი იყო, ალბათ იმიტომ, რომ გულს ეტკინა. ცაში ანგელოზთა გალობა გაისმა. ღვთისმშობელი კვლავ ეწვია სოფელს. ბიჭმა გადახედა მუხლმოყრილ, ჩურჩულით მლოცველ მართლმადიდებლებს, მერე ბოროტს მიუბრუნდა, რომელიც თეთრი ქათქათა ცხვირსახოცით, კმაყოფილებით იწმენდდა სიმწრის ოფლს და თვალცრემლიანმა მიმართა:
- მალე გათენდება, ნათელით მოვა დღე.
სადღაც, ვიღაც სანთელს დაანთებს. მუხლს მოიყრის და სურვილის შესრულებას შეავედრებს ღვთაებას. შესაწირსაც გაიღებს.
რატომ მე? მე ხომ ესე მიყვარდა სიცოცხლე?
რატომ? - პასუხს მიწაზე ვერ მივიღებ.
იმიტომ რომ… - ალბათ ზეცა მიპასუხებს.
ხვალ შენ - სურვილი აგისრულდება.
ხვალ მე - ცისკარს ვეღარ მივეგებები.
ხვალ - ვიღაც ისევ იზეიმებს ერთ დღეს.
ზეგ - მაზეგ ან მერე - უკვე უშენოდაც… მაგრამ მაინც…
ისევ გათენდება…
წერაქვი მძლავრად დაჰკრა მიწას… და თვითონაც ზედ დაემხო.
კრავის სისხლით წითლადშეღებილმა წყალმა მძლავრად ამოხეთქა მიწის გულიდან, ხალხის ცრემლს შეუერთდა, მათი ცოდვები ჩამორეცხა, თან წაიღო და რაკრაკით მოეფინა მინდორ-ველებს.
ამ ამბის შემდეგ ბევრჯერ გათენდა.
სოფელი უფლის წყალობით აშენდა, გაშენდა, დამშვენდა კიდეც. თუმცა მას კვლავინდებურად არაშენდი ჰქვია.
- რატომ? - აუცილებლად იკითხავს ვინმე.
- იმიტომ, რომ - უპასუხებს ვიღაც და ათჯერ, ათასჯერ თავიდან ბოლომდე მოყვება ამ ამბავს.
- იმიტომ, რომ - ჭეშმარიტი სარწმუნოება არ იყიდება.
- იმიტომ, რომ - ჩვენთან არს ღმერთი!

ავტორი
მადონა ნატრიაშვილი

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10117154 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ