მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
26 ივნისი 2017  03:14 ქართული შრიფტი


ნიკოლოზ ბარათაშვილი
სულო ბოროტო
"თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა." -
წმ.ტიხონ ზადონელი





Untitled Document

 

ღმერთთან ვედრება მოყვასთა საცხოვნებლად

 

იფიქრა მესამე სოფელს ორღობით აღარ გადავალ. შარას გავყვები, იქნებ, გზად არავინ შემხვდეს და ისევ შარს არ გადავეყაროო. კარგა ხანს იარა. ჭრიჭინობელების ყურისწამღები ჭრიჭინი მრავალჟამიერის მოძახილმა დაარღვია. ჰხედავს გზაზე ხურჯინმოკიდებული კაცი მიდის და მთელი ხმით და გულით მღერის. ბიჭმა ნაბიჯს აუჩქარა. კაცს რომ გაუსწორდა, მისალმების ნიშნად თავი დაუკრა და გზა განაგრძო.

_ გაგიმარჯოს შვილო, გეტყობა, ფიქრებში გართულს გსურს გალიო ეს გრძელი გზა. მე კი ხმის გამცემს ვნატრობდი. შენ შენთვის იარე. მე უკან გამოგყვები და ჩემს ამბავს მოგიყვები, თუ მომისმენ, გამიხარდება.

ბიჭს ხმა არ გაუცია ისე განაგრძო გზა.

კაცმა ნაბიჯს აუჩქარა, ეშინოდა მგზავრს არ ჩამორჩენოდა.

_ კაი მონაგარი მყავს, _ ალაპარაკდა მგზავრი, უფალმა კალთა დამაბერტყა. სამი შვილის მამა ვარ. ორი ქალი გზაზე დავაყენე. ლუკმა-პური არ მაკლია, მაგრამ ბიჭმა ცოლის მოყვანა გადაწყვიტა და საქორწილოდ არ ვიყავი მზად. მივდექ-მოვდექი, ერთი მეწველი ძროხა მყავს, ვიფიქრე გავყიდი და ხელს გავიმართავ-მეთქი. ჩემს კარის მეზობელს გონიერი კაცის სახელი აქვს, ჩემი გასაჭირი რომ გაიგო მითხრა: ძროხა რომ გაყიდო, მერე ოჯახს რა ეშველებაო და რჩევა მომცა: დედაჩემი ეკლესიის მსახური იყო, აცხონოს მისი სული უფალმა. კედელზე მისი ხელით დაკიდებული სალოცავები მაქვს. ჰოდა, მირჩია მოკეთემ: ორი ღვთისმშობლის ხატი რად გინდა, შენს ლოცვას ერთიც შეისმენს, გაყიდე რომელიმე, სულსაც მოითქვამ, ქორწილსაც გადაიხდი ღვთისმშობლის წყალობით და ოჯახიც უფლისაგან დაილოცებაო.

ჭკუაში დამიჯდა. ხელისკანკალით ჩამოვხსენი ხატი, ჩავიდე ხურჯინში და მიმაქვს ბაზარში გასაყიდად. რას მეტყვი ხომ სწორად ვიქცევი?
ამასობაში თითქმის მესამე სოფელს მიუახლოვდნენ. ბიჭმა ნაბიჯი შეანელა, მერე გაჩერდა, კაცისკენ მოტრიალდა, თვალებში ჩახედა და მკაცრად მიმართა:

_ ეტყობა სინდისის ქეჯნამ შეგაწუხა და ამიტომ გაინტერესებს ჩემი აზრი. კიდევ კარგი, ბიძაჩემო, ხელი მაინც რომ აგიკანკალდა. მოიხსენი ეგ მძიმე ტვირთი და მომეცი აქ.

შეშინებულმა კაცმა მორჩილად მოიხსნა ხურჯინი და მიაწოდა.

ბიჭმა ხატი მოწიწებით ამოიღო, დიდ ქვაზე დააბრძანა, დაიჩოქა და მხურვალედ დაიწყო ლოცვა.
_ კაცმა ყურში ჩასჩურჩულა: თუ საიდუმლო არ არის, მითხარი ვისთვის ლოცულობ ასე გულითო.

_ მოყვასის საცხოვნებლად, _ მოკლედ მოუჭრა ბიჭმა.

_ ვინ არის შენი მოყვასი, ასე გულთან რომ მიგიტანია მისი ცოდვები? _ ისევ დაიჩურჩულა კაცმა.

_ შენა და შენი მოკეთე მეზობელიო, _ მიუგო ბიჭმა, ლოცვა დაამთავრა და დადუმდა.

რამდენიმე წუთიც მიილია და უცებ ბიჭმა შეჰყვირა:

_ შეხედე, აი, სასწაული თუ გინდა! ბერიკაცო ღვთისმშობლის ხატი ტირის.

კაცი მოწყვეტით დაეცა მუხლებზე და ხატს დააცქერდა. ყოვლადწმინდას თვალთაგან ცრემლი სდიოდა. მერე თითი ცრემლში დაისველა და ენაზე დაიდო.
_ მარილიანია შვილო. ცოცხალი ყოფილა ეს მადლიანი, მართლა ტირის ეს დალოცვილი, იწყინა ალბათ, ასე უღმერთოთ რომ გავიმეტე. ჰხედავ, როგორ ვყვარებივარ მე ცოდვილი? _ აზლუქუნდა კაცი.

ბიჭმა მოხუცი წამოაყენა, მხარში ამოუდგა, ხატი გულზე მიიხუტა და უკან დაბრუნდა სოფელში.
მთელი გზა ხატის ძალასა და სასწაულმოქმედების უნარზე უყვებოდა კაცს.

სახლში რომ მივიდნენ, იმ კედელზე დააბრძანეს ყოვლადწმინდა, სადაც მისმა ცხონებულმა დედამ მიუჩინა ადგილი.
სასწაული ისევ მოხდა.

ღვთისმშობელმა ტირილი შეწყვიტა.

ეს ამბავი მთელმა სოფელმა შეიტყო. ვინ საიდან მოდიოდა, რომ მუხლმოდრეკით თაყვანი ეცათ და ელოცათ ხატის წინაშე. შესაწირიც უხვად გაიღეს. გაივსო ოჯახი სანოვაგით. გაიხარა კაცმა. ღვთისმშობლის მადლით დიდი ქორწილიც გადაიხადეს. ბიჭი ნეფეს ხელისმომკიდედ დაუდგა, პირველი შვილის მონათვლასაც შეპირდა.

გავიდა ერთი კვირა. დროის გასვლა არც კი უგრძვნია სხვისი სიხარულით გახარებულ ბიჭს. მერე მოიკიდა ზურგზე სანოვაგით დამძიმებული ხურჯინი და სოფლის ლოცვა-კურთხევით დაადგა გზას.

 

ავტორი
მადონა ნატრიაშვილი

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 10117140 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ