მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს
18 დეკემბერი 2017  11:53 ქართული შრიფტი


ალექსანდრე ჭავჭავაძე
ვაჰ, დრონი, დრონი
"როგორც ქარწაღებულიხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისაგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა." -





Untitled Document

 

შემცოდველთა მიტევება

 

ბიჭმა გასაყიდად გამზადებული კურდღლები გალიაში ჩასვა. გალია ურემზე დადო, საგზალი აიღო და გზას გაუდგა.
გზაჯვარედინზე მეორე სოფლიდან მომავალ ურემს გაუსწორდა, მასზე საგულდაგულოდ გადაკრულ ტილოს თვალი შეავლო, ნეტა რა მიაქვს ასე რომ შეუფუთავსო, _ გაიფიქრა და მგზავრს მიესალმა.
_ საით გაგიწევია ამ დილაუთენია? _ ჰკითხა მგზავრმა.
_ კურდღლები მიმყავს გასაყიდად. მინდა დროულად დავბრუნდე უკან, _ უპასუხა თავაუწევლად.
_ ერთი გზა გვქონია. მეც იქით მივდივარ. ცოტა კომბოსტო და ჭარხალი მიმაქვს.
ერთხანს უბრად იარეს. კარგად გათენებული იყო, მდინარეს რომ მიუახლოვდნენ.
_ მოდი წყლის პირას ლუკმა გავტეხოთ და მერე გავუყვეთ გზასო, _ შესთავაზა მგზავრმა.
_ კარგიო, _ დაეთანხმა ბიჭი. საგზალი აიღო, ურემი გზის პირას გააჩერა და ნაპირზე ჩავიდა.
_ სად იყავი ამდენი ხანი? _ ჰკითხა გაკვირვებულმა.
_ ჩემმა ხარებმა უცხოობა იციან. ვიფიქრე შენსას არ დაეტაკონ თქვა და თავბოლოშექცევით დავაყენე ურმები.
კარგად დანაყრდნენ. ერთმა თავისი თქვა, მეორემ თავისი და მერე აუყვნენ ბილიკს.
მგზავრი ურემს მიუახლოვდა და უცებ ყვირილი მორთო.
_ აუ, ეს რა მომხდარა? გაგიჟდება კაცი, აბა რა იქნება. არ დამღუპეს შენმა კურდღლებმა?! გალიის კარი გაუღიათ ამ უნამუსოებს, გადამძვრალან ჩემს ურემზე და სულ ერთიანად შეუჭამიათ ჩემი ბოსტნეული. დღეს მარცხენა ფეხზე ავდექი და ვიცოდი რაღაც მეწყინებოდა.
ბიჭს გულზე ელდა ეცა.
_ კი მაგრამ, ეგ როგორ მოხდა, მახსოვს გალიის კარები საგულდაგულოდ დავკეტე?!
_ როგორ ჩაგიკეტია გამოჩნდა აგერ _ არ ცხრებოდა მგზავრი. დავიღუპე, დამრჩა ცოლ-შვილი მშიერ-მწყურვალი.
_ რა ღირდა ეგ შენი ბოსტნეული?
_ ხუთი თუმნისა იქნებოდა.
_ რა ამბავია, შე კაცო, ხუთი თუმანი ტონა ბოსტნეული ეღირებაო, _ შეიცხადა ბიჭმა.
მგზავრი გაიბუტა და ზურგი აქცია.
_ წამოდი, მივიდეთ ბაზარში, გავყიდი კურდღლებს და აგინაზღაურებ ზარალს, _ სცადა ბიჭმა მისი დაწყნარება.
_ დამცინი კიდეც, რა იცი, დღეს როგორი მყიდველი შემხვდებოდა? იქნებ მეტს მაძლევდა ვინმე?
ბიჭმა აღარ იცოდა რა ექნა. აბა, მითხარი რა ვქნა და როგორც მეტყვი ისე მოვიქცევი.
_ რა ვქნათ და მივიდეთ ქალაქში მოსამართლესთან. იმან გაარჩიოს ჩვენს შორის მართალი და მტყუანი. თუმცა ამ საქმეს დიდი დროც სჭირდება და დიდი ფულიც _ უთხრა მგზავრმა.
_ არც ერთი მაქვს და არც მეორე. რათ გვინდა მოსამართლე, რასაც შენ გადაწყვეტ, უარს არაფერზე გეტყვიო.
მგზავრს ხასიათი გამოუკეთდა და განაჩენის გამოტანას შეუდგა.
_ შენ გყავდა ხუთი გასაყიდი კურდღელი, მე მქონდა ერთი ურემი ბოსტნეული. ჩემი ბოსტნეული უკვალოდ გაქრა. შენი კურდღლები ყველა სახეზეა. ესე იგი ამ შემთხვევაში მე ვარ დაზარალებული და როგორც დაზარალებულს მეკუთვნის ერთი კურდღელი ხომ ასეა?
_ ასეაო, - დაემოწმა ბიჭი.
_ დარჩა ოთხი კურდღელი, რომელთა კუჭებიც სავსეა ჩემი ბოსტნეულით. ეს იგი კურდღლები საერთოა, ორივეს გვეკუთვნის, ხომ ასეაო?
_ ასეაო, - დაემოწმა ბიჭი.
_ ესე იგი მე კიდევ მეკუთნისო ორი კურდღელი.
მერე მგზავრმა სტაცა ხელი სამ კურდღელს, დააგდო ურემზე, ხარებს სახრე გადაუჭრა და წავიდა.
დარჩა ბიჭი პირშიჩალაგამოვლებული ორი კურდღლით.
მიდის და ფიქრობს, რა ვქნა ახლა? თითო კურდღელი ხუთი თუმანი ღირს. არადა, როგორ მჭირდებოდა ოცდახუთი?
ამ ფიქრში ბაზარს მიუახლოვდა. ხედავს მგზვრი შუაგულ ბაზარში ვაჭრებში ჩამდგარა, რაღაცას ყვება და გარშემომყოფნი სიცილით იხოცებიან.
_ მომატყუა ამ უღმერთომ, _ ჩაილაპარაკა გულნატკენმა ბიჭმა.
ბაზარს კარგა მანძლით გასცდა, ერთი სახლის კუთხეში დაჯდა, გვერდით მოიდგა გალია. მყიდველი არ ჩანდა, თუმცა როგორ გამოჩნდებოდა როცა ხალხი ბაზარშივე ილევდა თავის საქმეს.
მოსაღამოვდა. ბაზრიდან მდიდრული ფაეტონი გამოვიდა. ფანჯრიდან პატარა გოგომ გამოყო თავი და შესძახა:
_ მამი, ნახე კურდღლები, მიყიდე რა?
_ კურდღლებში რამდენი გინდა? _ მოესმა ბიჭს მკაცრი ხმა.
_ ოცდახუთი თუმანი, _ ანგარიშმიუცემლად წამოიძახა ფიქრში გართულმა ბიჭმა. ეტლიდან ნასროლი ფული მიწაზე დავარდა. მერე მეეტლემ სტაცა ხელი გალიას, დადო ფაეტონზე და განაგრძეს გზა.
ბიჭმა ფულს დახედა. გული კინაღამ გაუსკდა. მართლა ოცდახუთი თუმანი იყო.
_ ეს რა დამემართა, ორ კურდღელში ამდენი ფული როგორ გამოვართვი? სინანულით გაიფიქრა და სირბილით გაეკიდა ეტლს.
ფაეტონი მდიდრული სახლის წინ გაჩერდა. ბიჭი იქიდან გადმოსულ დიდგვაროვანს წინ აეტუზა.
_ ბოდიში ბატონო, თქვენ ორი კურდღელი იყიდეთ ოცდახუთ თუმნად, _ მორიდებით მიმართა მას.
კაცმა გაკვირვებით შეხედა.
_ მერე, დაგაკელი რამე?
_ როგორ გეკადრებათ ბატონო. პირიქით, თითო კურდღელი ხუთი თუმანი ღირს. აი, აიღეთ თქვენი თხუთმეტი თუმანი.
_ მე კარგად მახსოვს ოცდახუთი რომ მთხოვე?
_ შემეშალა ფიქრში გართულს. უსინდისოდ ნაშოვნი ფული მაინც არ შემერგება, _ დარცხვენით უთხრა ბიჭმა.
კაცმა ფული გამოართვა. ზურგი აქცია და სახლისკენ წავიდა, მერე მოტრიალდა და ბიჭს უთხრა:
_ პატიოსანი კაცი ყოფილხარ. ეს მითხარი, განცალკევებით რატომ იჯექი, ვაჭრებს რატომ არ შეერიე.
_ მართალმა თქვა: _ მარტოობაში სული მძვრება ხმის გამცემი მენატრებაო, _ უპასუხა ბიჭმა.
_ ტყუილმა რაღა თქვაო, _ დაეკითხა კაცი.
_ ტყუილმა თქვა: ძმაბიჭებში დავიკარგე, იმდენი მეგობარი მყავს, სათვალავი არ აქვსო.
კაცმა გულიანად გადაიხარხარა, მერე ბიჭს თხუთმეტი თუმანი დაუბრუნა და უთხრა:
_ შენი სიმართლით გევლოს, აიღე ეს ფული. გულით გჩუქნი და ვისთვისაც გჭირდება აუცილებლად შეერგებაო.
_ დაილოცოს შენი სამართალი უფალო! _ ადიდა ბიჭმა ღმერთი და გაუდგა გზას გახარებული. შარაზე ურემს წამოეწია და ის იყო უნდა გადაესწრო, რომ მგზავრი შეიცნო.
_ რა ჰქენი, გაყიდე კურდღლები? _ დაეკითხა მგზავრს.
_ რა უნდა მექნა, ხომ ვთქვი, დღეს მარცხენა ფეხზე ავდექი _ მეთქი. გამექცნენ შენი კურდღლები და დავრჩი ხახამშრალი.
_ ეგ რა მოგსვლიაო? _ შეიცხადა ბიჭმა. თან გულში გაიფიქრა, ამ კაცს ნამუსი სულ დაუკარგავსო. მერე ამოიღო ჯიბიდან ხუთი თუმანი და გაუწოდა.
_ ჰა, გამომართვი, ჩემი გულისათვის რატომ უნდა დაზარალდეო.
_ მოო, გასძახა ხარებს მგზავრმა და ორივე ურემი გააჩერა. მერე ბიჭს თვალებში ჩახედა და დაეკითხა:
_ გამაგიჟებ შენ. მართლა დაიჯერე ხომ? აბა, კარგად შემომხედე, ვგევარ მე ახლა იმ დოყლაპიას, რომელსაც კურდღლები გაექცეოდა?
_ აბა მომატყუე? _ ეშმაკურად იკითხა ბიჭმა.
_ შე დალოცვილო, დილიდან გატყუებ და ეხლაღა მიხვდი? აიღე შენი ფული, ეს რა დღეში ჩამაყენე ამ ხნის კაცი? ცხოვრებაში პირველად შემრცხვა ჩემი ტყუილის. ისე როგორ ფიქრობ, შენ უფრო შორს წახვალ შენი სიმართლით თუ მე ჩემი ტყუილით? შენ გინდა გამოასწორო ეს დაქცეული ქვეყანა?
ბიჭმა ფული გამოართვა, გაიღიმა და უთხრა:
_ ამ ქვეყანას თავის გამომსწორებელი ჰყავს და ჩვენც თუ ცოტას წავეხმარებით, უფრო ჩქარა გამოსწორდებაო. მარცხენა ფეხზე ავდექიო, რომ დაგიჩემებია, ფეხი მარჯვენაც უფალმა მოგცა და მარცხენაც. სხვათაშორის მაგ ფეხებით გასავლელი გზაც გაჩვენა. აწი, ძმაო, დილით რომ გაიღვიძებ, ფეხებს ნუ კი უყურებ, გზას დაუკვირდი. ერთი უფლისაა: სწორი და მართალი. მეორე ეშმაკის: მრუდე და ფლიდი. ხუთი თუმანი რომ არ გამომართვი ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს სწორ გზაზე დადექი და თუ იმასაც მიხვდები, რომ მატყუარას საქციელს კაცის გარდა სხვა განმსჯელიც ჰყავს, დამეწევი, გამასწრებ და ჩემზე შორსაც წახვალო. მერე ხარებს სახრე გადაჰკრა და შარაგზას გაუყვა.

მიუტანა ოცდახუთი თუმანი ავადმყოფს. პატიმარი კიდევ მოინახულა, დაამშვიდა. დაპირდა, უკანა გზაზე რომ გამოვივლი კვლავ მოგიკითხავთო და წავიდა თავისი გზით.

 

ავტორი
მადონა ნატრიაშვილი

 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge

ვებ-გვერდი იხილა 12597926 სტუმარმა

საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ